მაგარი ამბავი გერმანიიდან - სებასტიან ალე ვარჯიშს მალე განაახლებს
„დორტმუნდის“ ფეხბურთელი, სებასტიან ალე, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ, სიმსივნე დაუდგინდა, ვარჯიშს მალე დაუბრუნდება. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა, BILD-ი ავრცელებს და წერს, რომ ალე ვარჯიშს იანვარში დაიწყებს.
BILD-ის მიხედვით, 28 წლის შემტევს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა და ალე საყვარელ საქმიანობას მალე დაუბრუნდება. მეორე ქირურგიული ჩარევის მიზანი სიმსივნეს ამოკვეთა იყო და სასიხარულოა, ყველაფერი კარგად რომ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ალეს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა და საფეხბურთო საქმიანობას გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. ცოტა ხნის წინ, „დორტმუნდის“ ფეხბურთელმა ინტერვიუ ჩაწერა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა.
ალეს სიტყვები
„როცა დორტმუნდთან კონტრაქტი გავაფორმე, ყველაფერი კარგად იყო. ჩემი ოჯახის წევრები და ნაცნობები შექმნილი ვითარებით გახარებული იყვნენ, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. არაკომფორტული შეგრძნება დამეუფლა და მუცელში რაღაც ვიგრძენი, რის შემდეგაც ყველაფერი ძალიან, ძალიან, ძალიან სწრაფად განვითარდა. დილის 9 საათზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩამიტარეს და მითხრეს, რომ რაღაც დაინახეს, რაც დამატებით გამოკვლევებს საჭიროებდა. ეგონათ, რომ სიმსივნური წარმონაქმნი იყო და ბიოფსიის ჩატარება გადაწყდა. 24 საათის განმავლობაში უამრავი გამოკვლევა ჩამიტარდა და მოგვიწია, ქირურგიულ ჩარევას დავლოდებოდით, რათა დაზუსტებით გაგვეგო, საქმე რასთან გვქონდა. ბიოფსიის შემდეგ, ეს დიაგნოზი დამისვეს და ძალიან იღბლიანი ვარ, რომ სიმსივნეს აღმოჩენა ასე სწრაფად მოხდა".