ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta: მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა 15 დღეში ჩვეულ დონეზე დავაბრუნოთ

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება.

ზურგის ტრავმის მოშუშების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში სამ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 17 დეკემბერს, „ვილიარეალთან“ შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა, თუმცა მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

იტალიურ მედიაში აქტიურად საუბრობენ ხვიჩას მნიშვნელობაზე და იმედოვნებენ, რომ 21 წლის შემტევი ოპტიმალურ ფორმას „ინტერთან“ სერია A-ს მატჩამდე დაუბრუნდება.

ამაზე la Gazzetta dello Sport-ი წერს:

თამაშის გარდამტეხი. აი, როგორი იყო ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში პირველი სამი თვის განმავლობაში. უდავოა, რომ ქართველი სეზონის პირველ ნაწილში ამ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე იყო, ამას უდიდესი სპეციალისტები და ექსპერტებიც იზიარებენ.

ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 15 დღეში ის იმავე დონეზე დავაბრუნოთ. 4 იანვარს, სან სიროზე მისი გუნდი „ინტერს“ ეთამაშება.

ნეაპოლში მისი მდგომარეობა ობიექტურად შეაფასეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ მისი ფიზიკური ფორმა და კუნთების მუშაობა შეენარჩუნებინათ. ბიჭმა იტალიაში ახალი სეზონი ხომ პრაქტიკულად შეუსვენებლად დაიწყო. ივლისის დასაწყისში ის უკვე დიმაროში იყო, ივნისში კი ეროვნულ ნაკრებში ოთხი შეხვედრა ჩაატარა. მანამდე, კვარა ბათუმის „დინამოშიც“ შეუცვლელად თამაშობდა. საბოლოოდ, ქართველს ყოველწლიური დასვენების პერიოდი ნოემბერში ჰქონდა, როდესაც იძულებული გახდა, რომ თამაში ზურგის ტკივილის გამო შეეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 41 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. ნეაპოლიტანელები იტალიის ჩემპიონატში ჯერჯერობით წაუგებლად ასპარეზობენ - 13 მოგება და 2 ფრე 15 ტურში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიუკასლი? ამის შანსი ნულია!“ - ჯუნტოლიმ ჭორები უარყო
„ნიუკასლი? ამის შანსი ნულია!“ - ჯუნტოლიმ ჭორები უარყო