„ნეაპოლელები ქართველებს ჰგვანან“ - ხვიჩა ნაპოლიში ყოფნით ბედნიერია
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში, ფედერიკო II-ის უნივერსიტეტში პროექტ Apple Academy-ს პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგა და გუნდში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.
რა თქვა ხვიჩამ:
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ როდეაც ნეაპოლში ჩამოვედი, პირველი რაც დავინახე, იყო ის, რომ ნეაპოლიტანური მოსახლეობა ფეხბურთით ცხოვრობდა და სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვარდათ. როდესაც დიეგო მარადონას სტადიონზე პირველად ვითამაშე, თავი ნამდვილ პროფესიონალ ფეხბურთელად ვიგრძენი, ამის გამო ნეაპოლს და ნეაპოლიტანელებს მადლობას ვუხდი.
ძალიან მნიშვნელოვანია იგივე დონის შენარჩუნება, რადგან ხალხი ჩვენგან ამას მოელის. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და ნეაპოლს მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც მომცა.
აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, რადგან ნეაპოლელები ქართველებს ჰგვანან. მაგალითად, ოჯახი როგორც ნეაპოლელებისთვის, ისე ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზურგის ტრავმის შემდეგ მოედანს დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდა და „ნაპოლის“ სამ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა 17 დეკემბერს, „ვილიარეალთან“ 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო, თუმცა მისი გუნდი მეტოქესთან 2:3 დამარცხდა. სეზონის განახლებამდე „ნაპოლი“ ოთხშაბათს ფრანგულ „ლილის“ ესპარინგება, 4 იანვარს კი იტალიის სერია A-ში „ინტერს“ ესტუმრება.