ოლივერ ბირჰოფი
Aa
Aa

„პოლიტიკა სხვებმა უნდა აკეთონ“ - ფლიკმა ირიბად DFB გააკრიტიკა

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის აზრით, გერმანიის საფეხბურთო ნაკრები ფეხბურთზე უნდა იყოს ფოკუსირებული და არა პოლიტიკაზე. მან ირიბად გერმანიის ფეხბურთის კავშირი (DFB) გააკრიტიკა, რადგან მუნდიალის მიმდინარეობისას გერმანიის ნაკრების წარმომადგენლები პოლიტიკური შინაარსის კომენტარებს აკეთებდნენ.

ჰანს ფლიკი: „ფეხბურთი ჩვენი საქმეა. დიდებულია, რომ ამ საქმის კეთების ნება გვაქვს. პოლიტიკა სხვებმა უნდა აკეთონ.

ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა: „ფეხბურთი პოლიტიზირებული ხდება. ჩვენი ფეხბურთელები უფრო მეტად ფეხბურთზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. პოლიტიკაში მე ვარ“. ვფიქრობ, ეს სწორი გზავნილია, მათ შორის ჩვენს მიმართ“.

გერმანიისთვის მუნდიალი წარუმატებელი გამოვიდა, გუნდი იაპონიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა, რასაც ბევრი იმ გარემოებას უკავშირებს, რომ გერმანიის ნაკრები ფეხბურთის გარდა სხვა თემებზეც აქტიურად საუბრობდნენ.

შეგახსენებთ, ოლივერ ბირჰოფმა, რომელმაც გერმანიის ნაკრების მენეჯერს პოსტი მუნდიალის დასრულების შემდეგ დატოვა, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას განაცხადა:

„კატარში ჰომოსექსუალებისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს სრულიად შეუსაბამოა ჩემს რწმენასთან.

რა კრიტერიუმებით ირჩევს ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელს? ტურნირის მასპინძლობის უფლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი აუცილებელი ცვლილებებისკენ.

მაგრამ ეს ცვლილებები მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის არჩევამდე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღარ გვექნება ბერკეტები. შერჩევის კრიტერიუმები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანის უფლებათა საკითხებთან“,

კატარის გენერალ-მაიორმა აბდულაზიზ აბდულა ალ-ანსარიმ მუნდიალის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო გულშემატკივრებისთვის LGBTQ დროშები ჩამოერთვათ. ალ-ანსარის ახსნა ასეთი იყო:

„თუ გულშემატკივარი ცისარტყელას დროშას აღმართავს და მე წავართმევ, ამას იმიტომ კი არ გავაკეთებ, რომ მის შეურაცხყოფას ვაპირებ, არამედ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მე რომ ეს არ გავაკეთო, შეიძლება მას სხვა  თავს დაესხას... ტრიბუნაზე ყველა გულშემატკივრის ქცევაზე გარანტიას ვერ მოგცემთ. და მე ვეტყვი ამ გულშემატკივარს: „გთხოვ, არ ააფრიალო ეს დროშა".

თუ გსურთ გამოხატოთ აზრი (LGBTQ) სიტუაციის შესახებ, გააკეთეთ ეს საზოგადოებაში, სადაც ასეთი ქცევა მისაღებია. ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანმა იყიდა ბილეთი, მოვიდა აქ თამაშის საყურებლად და არა პოლიტიკური ჟესტის გასაკეთებლად ან რაც მისთვის მისაღებია. უყურე ფეხბურთს. ეს კარგია, მაგრამ არ არის საჭირო ამის გამო მისვლა და მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, პენალტი საეჭვო იყო - LEquipe-ი მსაჯს აკრიტიკებს
გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, პენალტი საეჭვო იყო - LEquipe-ი მსაჯს აკრიტიკებს