მესის მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო - ქომაგები ამბობენ, რომ მტკიცებულება აქვთ
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსაჯობასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მატჩის მთავარი არბიტრი, შიმონ მარჩინიაკი, როგორც არგენტინის, ისე საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს.
ახლახან, სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქომაგის პოსტი გავრცელდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლიონელ მესის მიერ დამატებით დროში გატანილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. საქმე ისაა, რომ „ლა პულგას“ დარტყმისას, „ალბისელესტეს“ სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები მოედანზე იყვნენ შესული და არგენტინას მინდორზე 13 მოთამაშე ჰყავდა.
„სიტყვები არ მაქვს. არგენტინას არ შეუძლია, მსოფლიო ჩემპიონატი დახმარების გარეშე მოიგოს? სამარცხვინოა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ქომაგმა.
„როცა ბურთი კარში შედის, მოედანზე სათადარიგოთა სკამის ორი ფეხბურთელი იმყოფება. არგენტინას მოედანზე 13 მოთამაშე ჰყავდა“, - აღნიშნა მეორემ.
„წადით, წესები წაიკითხეთ. მათ გავლენა არ ჰქონიათ, ხელი არ შეუშლიათ და თამაშში არ ჩართულან“, - დაიცვა მსაჯი და მისი გადაწყვეტილება მესამე გულშემატკივარმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, მუნდიალის ოქროს ბურთის მფლობელი კი ლიონელ მესი გახდა. ოქროს ბუცი კილიან მბაპეს ერგო, რომელმაც ტურნირი 8 გოლით დაასრულა. მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფანტასტიკურად ითამაშა. განსაკუთრებით საოცარი თამაში ფინალში აჩვენა, როცა „ალბისელესტეს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა, თუმცა პენალტების სერიაში მარცხის (4:2) გამო დეშამის გუნდმა ტიტული ვერ დაიცვა.