წუთიერი დუმილი მბაპესთვის - ემილიანო მარტინესის შეძახილი გასახდელში
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. „ალბისელესტემ“ ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთს სძლია და თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგო. სამხრეთ ამერიკელებმა გამარჯვება ჯერ მოედანზე, შემდეგ კი გასახდელში აღნიშნეს და ზეიმისას მომხდარ ერთ-ერთ მომენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გასახდელში ყოფნისას, არგენტინელი ფეხბურთელები კრიტიკოსებისა და მათში ეჭვის შემტანი ადამიანების მისამართით ამ სიტყვებს მღეროდნენ: „წუთიერი დუმილი, წუთიერი დუმილი“. ამ დროს, „ალბისელესტეს“ მეკარემ, ემილიანო მარტინესმა დაიყვირა: „წუთიერი დუმილი მბაპესთვის, რომელიც გარდაიცვალა“.
"A minute of silence for ... Mbappe!" ????
— ESPN FC (@ESPNFC) December 18, 2022
Emiliano Martinez during Argentina's dressing room celebration.
(via nicolasotamendi30/Instagram) pic.twitter.com/dwm3IrUNWG
ამ ქმედების გამო, მარტინესი სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. გულშემატკივრების მიხედვით, ემილიანოს თავმდაბლობა და პატივისცემა უნდა გამოეჩინა და არ უნდა დაეცინა წაგებულისთვის და რაც მთავარია, ფეხბურთელისთვის, რომელმაც მის კარში 3 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, მუნდიალის ოქროს ბურთის მფლობელი კი ლიონელ მესი გახდა. ოქროს ბუცი კილიან მბაპეს ერგო, რომელმაც ტურნირი 8 გოლით დაასრულა. მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფანტასტიკურად ითამაშა. განსაკუთრებით საოცარი თამაში ფინალში აჩვენა, როცა „ალბისელესტეს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა, თუმცა პენალტების სერიაში მარცხის (4:2) გამო დეშამის გუნდმა ტიტული ვერ დაიცვა.