ზივზივაძე კვიპროსზე ? - აგენტმა ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
კვიპროსული მედიის ცნობით, ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა კარიერა კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელოს. ფეხბურთელის წარმომადგენელი ლაშა ოდილაძე აპოელ-ისა და „ანორთოსისის“ შეხვედრას დაესწრო, რის შემდეგაც ზივზივაძის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება გამართა, ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.
აპოელ-თან შედარებით „ანორთოსისის“ ფინანსური შესაძლებლობები გაცილებით დაბალია, ფეხბურთელის გამოსყიდვა კი მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავაშირებული, თუმცა შესაძლოა, მხარეები საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე მსჯელობდნენ, ზივზივაძეს მოქმედ კლუბ „მოლ ფეჰერვართან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი ხდება.
აპოელ-სა და „ანორთოსისში“ ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. ასე რომ, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ზივზივაძე თანამემამულეებთან ერთად იასპარეზებს. „ანორთოსისში“ გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე ასპარეზობენ, აპოელ-ში კი ბუბა დაუშვილი, გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი. სავარაუდოდ, ზივზივაძის „ანორთოსისია“ დაინტერესებული, რადგან აპოელ-ში გადასვლის შემთხვევაში კონკურენცია ქვილითაიასთან მოუწევს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.
გასულ კვირაში Goal-ი იუწყებოდა, რომ ზივზივაძეს მსურველი უკვე გამოუჩნდა, „უიპეშტს“ ფეხბურთელის დაბრუნება სურდა, თუმცა ახლა ქართველს თავდამსხმელს უნგრეთის დატოვება სურს, მას სხვა ქვეყანაში სურს შესაძლებლობების დამტკიცება.
შეგახსენებთ, რომ „უიპეშტის“ გულშემატკივრები ბუდუს კარგად იცნობენ. გასული სეზონის მეორე ნახევარში ქართველი ფეხბურთელი „ლილაკში“ იყო განათხოვრებული და უნგრეთის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ზივზივაძეს „მოლ ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, Transfermarkt-ი 800 000 ევროდ აფასებს.
როგორც მოგეხსენებათ, „მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძის გაშვება „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. ბუდუს ქმედებებმა „მოლ ფეჰერვარის“ გულშემატკივრები განარისხა. ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტის“ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა“.