დიდიე დეშამი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

დეშამი ფინალში მარცხზე: სინანულის გრძნობა უფრო მეტია, ვიდრე 3:0-ით წაგებისას იქნებოდა

კატარში მსოფლიო ჩემპიონატი დრამატული ფინალით დასრულდა. საჩემპიონო მატჩში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

თამაშის მიმდინარეობისას საფრანგეთის ნაკრები 2:0 მარცხდებოდა, თუმცა ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დაასრულა. დამატებით ტაიმებში ორივე გუნდის კარში თითო-თითო გოლი გავიდა და საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა დეშამმა:

ახლა სინანულის გრძნობა უფრო მეტია, ვიდრე 3:0-ით წაგების შემთხვევაში იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში უფრო ცოტას ვილაპარაკებდით.

ერთი საათის განმავლობაში არ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ შემდეგ სიმამაცე, ენერგია და ოსტატობა გამოვავლინეთ, არგენტინას მთელი წვენი გამოვუწურეთ, მაგრამ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი?

ადრეული ცვლილებები გავაკეთე, რადგან არ ვიყავი თამაშით კმაყოფილი, ვფიქრობდი, რომ უფრო უკეთესად შეგვეძლო თავის წარმოჩენა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ფეხბურთელები სხვებზე მეტად დამნაშავენი იყვნენ. სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენი ძლიერი მხარე ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ მიზეზებს არ ჩავუღრმავდები.

ჩვენი ოსტატობისა და ნებისყოფის წყალობით ძალიან რთული სიტუაციიდან შევძელით თავის დაძვრენა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ახლა ამაზე საუბარი არ მსურს. ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ რომ დასრულებულიყო, ამ კითხვას მაინც არ ვუპასუხებდი. ჩემთვის საფრანგეთის ნაკრები ყველაფერზე მაღლა დგას. როგორც დაგეგმილია, ფედერაციის პრეზიდენტს ახალი წლის დასაწყისში შევხვდები და შემდეგ ვნახოთ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ ორ მუნდიალზე შეძლო ფინალში გასვლა. დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით გუნდი 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2022 წლის მუნდიალზე კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

რაც შეეხება არგენტინას, ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიაში მესამედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედგაცრუებულები, მაგრამ ამავდროულად ამაყები ვართ“ - ვარანი ფინალის შემდეგ
„იმედგაცრუებულები, მაგრამ ამავდროულად ამაყები ვართ“ - ვარანი ფინალის შემდეგ