„ეს ისტორიული მომენტია, ისიამოვნეთ“ - სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები
კატარი 2022-ის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს (3:3), პენალტების სერიაში კი „ალბისელესტემ“ 4:2 გაიმარჯვა.
გამარჯვების შემდეგ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ, ენცო ფერნანდესმა და პაულო დიბალამ მედიასთან ისაუბრეს.
ლიონელ სკალონი: „ჯერ გამარჯვება არ გაგვიაზრებია, მაგრამ ახლა სიამოვნებისა და სიხარულის დროა. მწვერვალზე ყოფნა რაღაც უნიკალურია.
ამაყი და ბედნიერი ვარ. გასულ დღეებთან შედარებით ამ მომენტში ნაკლებად ემოციური ვარ, მაგრამ ახლა თავისუფალი ვარ. ჩემი გუნდით ვამაყობ.
მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ისიამოვნონ, რადგან ეს ისტორიული მომენტია“.
ენცო ფერნანდესი: „ეს არის მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. პატივია ის შესაძლებლობა, რომ შენს ქვეყანასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ყველაზე მეტად მსოფლიოს ჩემპიონობას მესი იმსახურებდა. ის ჩემი კერპია.
21 წლის ასაკში მოგებული მუნდიალი ოცნების სრულყოფილად ახდენაა“.
პაულო დიბალა: „ეს იყო უდიდესი მხარდაჭერა. მადლობა მთელ არგენტინას ამ საოცარი თანადგომისთვის. ახლა, ერთად ზეიმის დროა“.
შეგახსენებთ, 2018 წლიდან ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით „ალბისელესტემ“ სამი ტიტული მოიგო: ევროპისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულების სუპერთასი (2022), კოპა ამერიკა (2021), მუნდიალი (2022).