კილიან მბაპე, ანხელ დი მარია, ლიონელ მესი, კატარი 2022
Aa
Aa

ფინალი საოცარი დრამატურგიით - მესი და არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია

კატარი 2022-ის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს (3:3), პენალტების სერიაში კი „ალბისელესტემ“ 4:2 გაიმარჯვა.

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო (1978, 1986, 2022). მარადონას საოცარი ეპოქის შემდეგ არგენტინა პლანეტის საუკეთესო ნაკრები პირველად გახდა.

ანგარიში 23-ე წუთზე ლიონელ მესიმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, რომელიც დი მარიამ მოიპოვა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი უსმან დემბელემ დაარღვია.

36-ე წუთზე არგენტინელთა ბრწყინვალე კონტრშეტევა გოლით დასრულდა, მაკალისტერის პასით დი მარიამ გაიტანა - 2:0.

ოტამენდიმ საკუთარ საჯარიმოში მოანის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, მე-80 წუთზე პენალტი კილიან მბაპემ გამოიყენა, ემილიანო მარტინესმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა. 81-ე წუთზე ტურამის პასით მბაპემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ორწუთიან მონაკვეთში თამაშის სცენარი სრულიად შეიცვალა.

108-ე წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა, არგენტინა წინ გავიდა. საინტერესოა, რომ მესიმ კარიერაში მარჯვენა ფეხით მეასე გოლი გაიტანა.

116-ე წუთზე კილიან მბაპემ პენალტი შეაგდო, თერთმეტმეტრიანი იმის გამო დაინიშნა, რომ მონტიელს ბურთი ხელზე მოხვდა. კილიანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3. მბაპემ მუნდიალის ფინალში სამი გოლი გაიტანა და ინგლისელი ჯეფ ჰერსტის შედეგი გაიმეორა, რომელმაც 1966 წლის მუნდიალის ფინალში ასევე სამი გოლი შეაგდო.

გარდა ამისა, მბაპემ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 1 გოლი შეაგდო. ასე რომ, მუნდიალის ფინალურ შეხვედრებში მის ანგარიშზე 4 გოლია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

პენალტების სერიაში არგენტინამ საფრანგეთი 4:2 დაამარცხა. არგენტინის ნაკრების მხრიდან მესიმ, დიბალამ, პარედესმა და მონტიელმა გაიტანეს, ხოლო საფრანგეთის მხრიდან მხოლოდ მბაპემ და მოანიმ შეაგდეს, კომანმა და ჩუამენმა თერთმეტმეტრიანები ვერ გაიტანეს.

მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, 1/8-ფინალში, 1/4-ფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში გაიტანა.

მესიმ არგენტინის ნაკრებში 98 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში შეგდებული გოლების რაოდენობით მესი მხოლოდ ალი დაეისა (ირანის ნაკრებში 109 გოლი) და კრიშტიანუ რონალდუსა (პორტუგალიის ნაკრებში 117 გოლი) ჩამორჩება.

დი მარია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ოლიმპიადის (2008), კონტინენტის პირველობისა (კოპა ამერიკა 2021) და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ როგორც ოლიმპიადის, ასევე კოპა ამერიკის ფინალში დი მარიას გოლი ერთადერთი იყო.

შეხვედრის პირველ ტაიმში კილიან მბაპე ბურთს მხოლოდ 11-ჯერ შეეხო. ამ კუთხით მასზე უარესი შედეგი მხოლოდ მარკუს ტურამსა და რანდალ კოლო-მუანის ჰქონდათ, რომლებიც თამაშში 41-ე წუთზე ჩაერთვნენ. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში მბაპემ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი როცა დამატებით დროში მესიმ კვლავ წინ გაიყვანა არგენტინა, მბაპემ პენალტი შეაგდო, ჰეთ-თრიკი შეასრულა და წარმოუდგენელი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

მესიმ კარიერაში 42-ე ტიტულის მოპოვება იზეიმა. ასევე, ლეომ მესამე სანაკრებო ტიტული მოიგო: ევროპისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულების სუპერთასი (2022), კოპა ამერიკა (2021), მუნდიალი (2022).

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუ მუნდიალის იმედგაცრუებაა, მესი საპირისპირო“ - მათეუსმა კრიშტიანუ გააკრიტიკა
„რონალდუ მუნდიალის იმედგაცრუებაა, მესი საპირისპირო“ - მათეუსმა კრიშტიანუ გააკრიტიკა