კატარი 2022, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa Aa

შეშლილი პატრიოტები - დალომბარდებული მანქანა, 3-წლიანი სესხი ბანკში

კატარის მუნდიალი ბევრი რამით არის გამორჩეული და ერთ-ერთი მათგანი მრავალრიცხოვანი არგენტინელი გულშემატკივარია, რომლებიც ტრიბუნებზე ცეცხლს ანთებენ და ყველასგან გამოირჩევიან.

კატარში ბოლო 1 თვეა 50 000 არგენტინელია ჩასული. რატომ არიან ისინი ყველაზე მეტნი? როგორ მოხერხდა ეს? კატარის სტადიონები ლეგენდარულ „ბომბონერასა“ და „მონუმენტალს“ ჰგავს - ეს კი იქ ჩასული არგენტინელი ქომაგების დამსახურებაა.

არიან არგენტინელები, რომლებმაც მესის ბოლო მუნდიალის სანახავად კატარში სამსახური იშოვეს, საამისოდ მათ ავტომობილი დაალომბარდეს. ამის შესახებ ცნობილი ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ გახდა.

ამჯერად კი თავიანთ ამბავს თავად კატარში მყოფი არგენტინელები ჰყვებიან, რაც ვფიქრობ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება:

ბენჩე გალდამე

„კატარში მოხვედრა ძალიან გამიჭირდა. მე არგენტინელი ვარ, მაგრამ ვცხოვრობ ჩილეში. იქიდან გავფრინდი მადრიდში, შემდეგ კაიროში და კატარში. სამი დღე საშინლად მეძინა ან საერთოდ არ მეძინა.

აქ მოგზაურობისას 30 ათასი დოლარი დავხარჯე. ფიფას ვებსაიტზე ბილეთების ყიდვა ვერ მოვახერხე, ასე რომ, ერთადერთი ვარიანტი დარჩა Qatar Airways-ის პაკეტი „ფრენა + სასტუმრო + ბილეთები“ - ძალიან მაღალ ფასებში.

საიდან ვიშოვე ამდენი ფული? ფული დავზოგე და სესხიც ავიღე. ახლა ამას 3 წელში დავფარავ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვიყავი კოპა ამერიკაზე, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზეც და პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე - ეს ჩემი ოცნებაა და ის ახდა. ეს ყველაფერი ამად ღირდა.

ოცნების შესახებ და ამ ტურნირზე ჩვენი საყვარელი სიმღერაა Muchachos. სიმღერის ტექსტი ნებისმიერი არგენტინელისთვის ბევრს ნიშნავს. საუბარია მარადონაზე, ფოლკლენდის ომის გმირებზე, მესიზე და მარაკანაზე კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიასთან გამარჯვებაზე. გასაკვირი არ არის, რომ ლეომ ამ სიმღერას ერთ-ერთი ფავორიტი უწოდა.

რით განსხვავდებიან არგენტინელი გულშემატკივრები სხვებისგან? მე ვპასუხობ მსახიობ გილერმო ფრანჩელას სიტყვებით: „შენ შეგიძლია შეიცვალო ყველაფერი: სახე, სახლი, ოჯახი, შეყვარებული, რელიგია, ღმერთი. მაგრამ თქვენ ვერასოდეს შეცვლით თქვენს ვნებას."

და არგენტინელები ვნებიანი გულშემატკივრები არიან“.

ხავიერ ვანდერსლუისი

„მე ბუენოს აირესიდან ვარ. განათლებით პოლიტოლოგი. 2018 წელს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე წავედი და ეს ატმოსფერო შემიყვარდა - ჯადოსნური იყო.

სახლში დაბრუნების შემდეგ ფულის დაზოგვა დავიწყე, რათა კატარში ჩავსულიყავი. ერთი გადაჯდომის შედეგად აქ 22 საათში ჩამოვფრინდი. რამდენი დავხარჯე? წარმოდგენა არ მაქვს. დათვლის მეშინია. მთავარია, მატჩებზე ვიმღეროთ, ჩვენს გუნდს ვუგულშემატკივროთ და ვფიქრობ, ბიჭებს ნამდვილად ვეხმარებით“.

ეზეკიელ გვარდატი

„მე ვარ მეწარმე ენტრე რიოსის პროვინციიდან და კატარში მოგზაურობა ჯიბეზე მძიმედ არ მომხვდა - დაახლოებით 7000 დოლარი დაჯდა. 2018 წელს მეც ვიყავი რუსეთში. კატარი უფრო მომწონს, რადგან ყველა სტადიონი ახლოს არის.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავდება იმით, რომ სტადიონზე ჩვენი გუნდის მხარდამჭერთა 30 პროცენტი არგენტინელი არ არის, აქ არიან ბიჭები ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და სხვა ქვეყნებიდან და ისინი არგენტინას ქომაგობენ. მაგრამ აქაც ბევრია ნამდვილი არგენტინელი - 50 ათასი, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი რომ ყოფილიყო, 3-4-ჯერ მეტი გულშემატკივარი ჩამოვიდოდა.

ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრნი ვართ. ვფიქრობ, ეს 1986 წელს დაიწყო, როდესაც მარადონას გუნდმა ინგლისი დაამარცხა - ჩვენთვის ეს ომის მოგება იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა იგრძნონ, რომ მარტო არ არიან, რომ მათ მთელი ქვეყანა უჭერს მხარს. ჩვენ ფანატიზმისადმი შემოქმედებითი მიდგომით გამორჩეულები ვართ. ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ გულშემატკივრები იგონებენ სიმღერებს, რომლებსაც შემდეგ მთელი სტადიონი მღერის“.

ფრენ გონსალესი

„ბავშვობაში მამასთან და ძმებთან ერთად სან ლორენცოს თამაშებზე დავდიოდი. სახლში გამთენიისას ვბრუნდებოდი, მხოლოდ რამდენიმე საათი მეძინა და შემდეგ სკოლაში მივდიოდი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან სტადიონზე მატჩს დავესწარი.

ბავშვობიდან ვოცნებობდი მსოფლიო ჩემპიონატს დავსწრებოდი. 2018 წელს რუსეთში ვერ მოვხვდი, მაგრამ ამჯერად ტურნირამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე ავიღე ბილეთები, ამიტომ ძალიან სწრაფად მომიწია ყველაფრის ორგანიზება. მგონი დაახლოებით 8000 დოლარი დავხარჯე.

მაგრამ არგენტინელებისთვის ეროვნული ნაკრები წმინდაა. და ჩვენ მზად ვართ გავწიროთ ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. არაფერი დაგვრჩა, მაგრამ მაინც მივდივართ.

მესის ნახვა მის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე (თუმცა მას კიდევ ერთს შევევედრებით) დაუვიწყარი გამოცდილებაა. სადაც არ უნდა წავსულიყავით კატარში, ვხვდებოდით უცხოელებს, რომლებსაც არგენტინის მაისურები ეცვათ, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ჩვენი გუნდი“.

გაზიარება: