მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
საფრანგეთი
დიდიე დეშამის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ დაიწყო. პირველ ტურში „მამლებმა“ ავსტრალია 4:1 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია 1:0-ს იგებდა და შემდეგ ფრანგებმა 4 უპასუხო ბურთი შეაგდეს. თავი მბაპემ, რაბიომ და ჟირუმ(2) გამოიჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ, ოლივიე ჟირუ ტიერი ანრის გაუთანაბრდა. „მილანის“ თავდამსხმელს საფრანგეთის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობის რეკორდის დასამყარებლად 1 გოლი სჭირდებოდა.
მეორე ტურში დეშამის შეგირდები დანიას დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს. ფრანგები მთელი თამაში დომინირებდნენ, თუმცა ერთი გოლი მაინც გაუშვეს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის მხრიდან თავი მბაპემ გამოიჩინა(2).
ბოლო ტურში კი დეშამმა შესუსტებული შემადგენლობა დააყენა და მაინც ყველასთვის მოულოდნელად ტუნისთან 0:1 დამარცხდა.
მიუხედავად წაგებისა, საფრანგეთი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და მერვედფინალში პოლონეთს დაუპირისპირდა. „მამლებმა“ 3:1 გაიმარჯვეს. გოლები ჟირუმ და მბაპემ(2) გაიტანეს. ოლივიე კი საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მეოთხედფინალი უკიდურესად დაძაბული გამოდგა. დეშამის გაწვრთნილი ნაკრები ინგლისს შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. „სამ ლომს“ ანგარიშს გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჰარი კეინმა პენალტი ვერ გამოიყენა.
ნახევარფინალში საფრანგეთი სენსაციურ მაროკოს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ტეო ერნანდესმა „მამლები“ მატჩის საწყის წუთებზე დააწინაურა. რეგრაგის შეგირდები აქტიურობდნენ, რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. საბოლოო წერტილი კი ცვლილებაზე გამოსულმა კოლო მუანიმ დასვა.
დანაკლისი:
ჩუამენის, რაბიოს, ტეო ერნანდესს, უპამეკანოს და კომანს პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ფრანგულმა გამოცემა L'EQUIPE-მ დაწერა, რომ დღეს, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა ივარჯიშა და საფრანგეთს ფინალის წინ დანაკლისი არ აქვს.
რა თქვა დეშამმა მატჩის წინ ?
„თამაშის წინ არ ვღელავ და არ ვნერვიულობ. ასეთი მატჩისთვის მომზადებისას სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. 2018 წლის მატჩში არგენტინელთა დღევანდელი შემადგენლობიდან შვიდი ფეხბურთელი იყო. ეს ნამდვილად არ არის იგივე გუნდი. არ შევადარებ - აზრი არ აქვს. ეს იყო მერვედფინალური მატჩი.
ახლა ექვსი მატჩი ჩატარდა სხვადასხვა მოთამაშეებით, განსხვავებული სქემებით - ეს ჩვენთვის სასარგებლოა. სამი დამკვირვებელი გვყავს, რომლებმაც ყველა მატჩს უყურეს. ეს საშუალებას გვაძლევს ვიყოთ ძალიან ზუსტად ინფორმირებულები. ხვალ არგენტინამ შეიძლება რაღაც განსხვავებული გააკეთოს, მაგრამ ეს ჩვენც შეგვიძლია. მაროკოელებმა ჩვენთან ხუთი მცველით დაიწყეს თამაში. ადრე ამას არ აკეთებდნენ. ამიტომ თქვენ სხვადასხვა სიტუაციებისთვის უნდა მოემზადოთ.
ურთიერთობ უცხოელ ჟურნალისტებთან? თუ არ გიპასუხებ, იტყვით, რომ ბოროტი ვარ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ადრე დაშავებულები იყვნენ. ბენზემა ერთ-ერთი მათგანია. ბოლო დაშავებული ლუკას ერნანდესი იყო. მას შემდეგ 24 ფეხბურთელი მყავს. ამ მოთამაშეებთან დაკავშირებით კითხვის დასმა, რბილად რომ ვთქვათ, ლამაზი არ არის.
შემადგენლობა აქ არის. მე არ ვიწვევ მოთამაშეებს, ყოფილ მოთამაშეებს ან ტრავმირებულებს. თავიდან ერთიანი გუნდი გვყავდა და მომხდარიდან გამომდინარე, სამი ფეხბურთელი დავკარგეთ, სტარტზე ნკუნკუ გამოგვაკლდა. ისინი ტურნირის სტარტის ნაწილი იყვნენ. ხვალ ჩემს ხელში 24 მოთამაშე იქნება.
ამჟამად დაშავებულ მოთამაშეებზე ახლა ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი ხვალ გაირკვევა და იმედია ყველა მათგანი შეძლებს ფინალის თამაშს.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არგენტინასთან ეს მატჩი გვეთამაშა. არ ვნერვიულობ და არ ვინერვიულებ. აქ არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, მაგრამ ასევე განსაკუთრებული კონტექსტი. ვიცი, რომ არგენტინელებს და შესაძლოა ზოგიერთ ფრანგსაც სურს, რომ მესიმ თასი აღმართოს"
რა თქვა დემბელემ მატჩის წინ?
„შანსები თანაბარია. ყველაზე მეტი ყურადღება, რა თქმა უნდა, მესის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ. ის არის ფეხბურთელი ინიესტასთან ერთად, რომელმაც „ბარსელონა“ შემაყვარა. მასთან ერთად 4 შესანიშნავი წელი გავატარე. ლეო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან ეხმარება. მან უამრავი რამ მასწავლა.
ზოგადად, მესის გაჩერება ალბათ ყველაზე რთული რამ არის. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის ბურთს ხშირად არ შეეხოს. რაც შეეხება არგენტინის აგრესიულ თამაშს, არ მგონია, რომ ამას სიბოროტის გამო აკეთებენ. ფეხბურთში აუცილებლად უნდა იყო აგრესიული და ასევე, ამას მზად უნდა შეხვდე. საბოლოო ჯამში, დიდებულ დაპირისპირებას ველოდები.“
არგენტინა
სკალონის გაწვრთნილმა ნაკრებმა მუნდიალი სენსაციური მარცხით დაიწყო. პირველ ტურში „ალბისელესტე“ ყველასთვის მოულოდნელად საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა.
არგენტინელებმა რეაბილიტაცია მექსიკასთან შეხვედრაში მოახდინეს. ლეო მესისა და ენცო ფერნანდესის გოლებით „ალბისელესტემ“ გაიმარჯვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კი სკალონის შეგირდები პოლონეთს დაუპირისპირდნენ და საკმაოდ მარტივად 2:0 დაამარცხეს. გოლები მაკ ალისტერმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს. არგენტინა პირველ ადგილზე გავიდა და ავსტრალიას დაუპირისპირდა.
შედარებით იოლ მეტოქესთან წესით არგენტინას პრობლემა არ უნდა ჰქონოდა. სამხრეთ ამერიკელები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს, ერთი გოლი გაუშვეს და გულშემატკივრები საკმაოდ ანერვიულეს. რომ არა ლისანდრო მარტინესის და ემილიანო მარტინესის თავგანწირული თამაში, შესაძლოა მატჩი დამატებით დროში გადასულიყო.
მეოთხედფინალში კი საოცრად დაძაბული აღმოჩნდა. „ალბისელესტე“ მოლინას და მესის გოლებით 2:0-ს იგებდა, მაგრამ ნიდერლანდელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. დუბლი შეასრულა ცვლილებაზე გამოსულმა ვეგჰორსტმა. საქმე საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ემილიანო მარტინესმა გაიბრწყინა და არგენტინა ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში გულშემატკივრები დიდ ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ არგენტინამ ხორვატია უდიდესი უპირატესობით 3:0 დაამარცხა. ერთი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ხოლო ხულიან ალვარესმა დუბლი შეასრულა.
დანაკლისი
აღსანიშნავია, რომ ლიონელ სკალონის ნახევარფინალური დაპირისპირების წინ მხოლოდ ერთი დანაკლისი აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დე პაულის და დი მარიას თამაში, მაგრამ ორივე ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და ხელმისაწვდომია. ახლა კი შესაძლოა "ალბისელესტეს" პაპუ გომესი ვერ დაეხმაროს.
რა თქვა სკალონიმ მატჩის წინ?
„ჩვენი ემოცია ჩვენი კულტურის ნაწილია, იმ ყველაფრის, რაც არგენტინაში იგრძნობა, როგორი ხალხიც ცხოვრობს. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები და მათ სიხარული სჭირდებოდათ. ჩვენ მათ ამას ვაძლევთ. ფეხბურთი სპორტია, მაგრამ არგენტინაში ის სპორტზე მეტია. და ის, რომ ხალხი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბედნიერია, ჩემთვის რაღაც მშვენიერია. ჩვენ ადამიანები ვართ და ისინი ამაღელვებელნი არიან
ჩვენს მატჩს ვამზადებთ იმის მიხედვით, თუ როგორ ითამაშებს მეტოქე და როგორ ვითამაშებთ ჩვენ. მესის შესახებ? იმედი ვიქონიოთ, რომ თუ ლეოს ბოლო თამაში იქნება, თასის მოგებას შევძლებთ. კარგი იქნებოდა და რაც მთავარია სასიამოვნო. და რა არის ამაზე უკეთესი სცენარი, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალით წასვლა.
„ხვალინდელი თამაში არის არგენტინა საფრანგეთის წინააღმდეგ, ეს მესის და მბაპეს მიღმაა. ჩვენ ორივეს გვაქვს საჭირო იარაღი, რათა თამაშის ბედი სხვა მოთამაშეებმა გადაწყვიტონ და არა მხოლოდ ორმა მათგანმა. ეს უფრო გუნდური სამუშაოა, ვიდრე ინდივიდუალური. და არა მარტო მბაპე. იმის გარდა, რომ ის კარგი ფეხბურთელია, საფრანგეთს ჰყავს სხვა მოთამაშეები, რომლებიც მას ამარაგებენ და უკეთესადაც თამაშობენ. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და გააგრძელებს გაუმჯობესებას, ეს ეჭვგარეშეა.
დი მარია კარგად არის, მას თამაში შეუძლია. ის უკვე ნორმალურად ვარჯიშობდა მთელი კვირის განმავლობაში და მატჩისთვის მზადაა. გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ბოლო ვარჯიში გვაქვს. საათნახევარში ან ორ საათში ისინი გაიგებენ შემადგენლობას. შეიძლება იყოს ნებისმიერი ორი ვარიანტიდან (5-3-2 ან 4-4-2). ჩვენი მიზანია მეტოქეს მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ და თავად ნაკლებად დავზარალდეთ. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გვაქვს.
ყველა გუნდი განსხვავებულია, არ არსებობს ორი ერთნაირი გუნდი. საფრანგეთს აქვს თავისი არსენალი და ჩვენ აქ ვართ კონკურენციის მიზნით. ეს არის ფინალი, რომელშიც ნებისმიერ შეცდომას შეუძლია შეცვალოს მატჩის ბედი და ვიმედოვნებთ, რომ შედეგი ჩვენს სასარგებლოდ იქნება.
ფეხბურთელებს ვესაუბრე და მადლობა გადავუხადე. აღელვებული ვარ, რადგან მათ ყველაფერი გაიღეს და მოედანზე მთელი გულით ითამაშეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალ ეს ყველაფერი დაგვირგვინდება, თუ არა და იამაყონ იმით, რასაც მიაღწიეს. რადგან სიამოვნების დროა. მე ჩემი განვლილი გზით ვტკბები“.
რა თქვა მარტინესმა მატჩის წინ?
„ბრაზილიაში ფავორიტი ბრაზილია იყო და ახლა იმავეს საფრანგეთზე ამბობენ. მოგვწონს და დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ ჩვენ ფავორიტები არ ვართ. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფრანგები ჩვენ მსოფლიო დონის გუნდად აღგვიქვამენ. ჩვენ კი ამას პატივს ვცემთ.
საფრანგეთი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია. იყო შანსი, რომ მათ მერვედფინალში შევხვედროდით. სიფრთხილეს გამოვიჩენთ, რადგან ვიცით, თუ რა კარგები არიან ფრანგები.
ბოლო მატჩი
ეს ნაკრებები უკანასკნელად ერთმანეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ. დიდიე დეშამის ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში 4:3 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში გრიზმანმა და დი მარიამ გაიტანეს. მეორე ნახევარში არგენტინა გაბრიელ მერკადომ დააწინაურა.
57-ე წუთზე პავარმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო შემდეგ მბაპემ დუბლი შეასრულა და ფაქტობრივად საფრანგეთის ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აგუერომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „ალბისელესტეს“ დრო აღარ ეყო.
შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირება 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.