ფინალის წინ: სკალონიმ არგენტინა 3 სავარაუდო სქემაზე ავარჯიშა
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე რამდენიმე ტაქტიკურ სქემაზე მუშაობს. სკალონიმ 3 მონახაზი დატესტა.
გავლენიანი არგენტინული გამოცემა Ole წერს, რომ სკალონიმ 5-3-2, 4-3-3 და 4-4-2 სქემები გამოიყენა. პირველი ვარიანტი კილიან მბაპეს წინააღმდეგაა მიმართული. ხუთმცველიანი სქემა ფრანგების ათიანის გასანეიტრალებლად.
ასეთ შემთხვევაში შემადგენლობა ასეთი იქნება: ემილიანო მარტინესი, ნაუელ მოლინა, კრისტიან რომერო, ნიკოლას ოტამენდი, ლისანდრო მარტინესი, მარკოს აკუნია, როდრიგო დე პაული, ენცო ფერნანდესი, ალექსის მაკ ალისტერი, ლიონელ მესი, ხულიენ ალვარესი. თუ, სკალონი ამ ვარიანტს აირჩევს, არგენტინას ბურთის დათობა მოუწევს და უკან დიდი ძალებით დაიწევენ, რათა დაცვაში ზონები გადაიკეტოს.
რაც შეეხება 4-3-3-ს, აქ დი მარიაზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუ ანხელი ითამაშებს, პარედესი და ლისანდრო მარტინესი თადარიგში დარჩებიან, თერთმეტეული კი ასეთი იქნება: ემილიანო მარტინესი, ნაუელ მოლინა, კრისტიან რომერო, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, როდრიგო დე პაული, ენცო ფერნანდესი, ალექსის მაკ ალისტერი, ანხელ დი მარია, ლიონელ მესი, ხულიენ ალვარესი. ეს სქემა დომინანტური სტილით თამაშს განაპირობებს, ასევე მაღალ პრესინგს და ინტენსიურ იერიშებს.
და ბოლოს 4-4-2 - ეს არის სქემა, რომელმაც ხორვატიასთან იდეალურად იმუშავა: ემილიანო მარტინესი, ნაუელ მოლინა, კრისტიან რომერო, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, ლეანდრო პარედესი, როდრიგო დე პაული, ენცო ფერნანდესი, ალექსის მაკ ალისტერი, ლიონელ მესი, ხულიენ ალვარესი. ამ შემთხვევაში აქცენტი ბურთის კონტროლზე, პრესინგზე და თავის დიდი ძალებით დაცვაზე კეთდება.
წყარო წერს, რომ სკალონის ჯერ საბოლოო არჩევანი არ გაუკეთებია და ჯერჯერობით უცნობია, რომელი სქემით ითამაშებს „ალბისელესტე“.