ხორვატია VS მაროკო - რა თქვეს მთავარმა მწვრთნელებმა
მაროკოსა და ხორვატიის ნაკრებების თავკაცებმა, ვალიდ რეგრაგიმ და ზლატკო დალიჩმა ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებები მესამე ადგილისთვის თბილისის დროით, 19:00-ზე იბრძოლებენ და ორივე მთავარი მწვრთნელი რთულ შეხვედრას ელის.
ვალიდ რეგრაგი
„ეს არაა ფინალი, რომელიც გვინდოდა, მაგრამ დაუვიწყარი მომენტი ნამდვილად იქნება. დაღლილობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა გვინდა, გამოწვევას გავუმკლავდეთ და მესამე ადგილი დავიკავოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბრინჯაოს მედლები ავიღოთ და ჩემი მესიჯი ნათელია: ერთი მატჩი დაგვრჩა და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ვიცით, რომ ხორვატია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვფიქრობ, ღია თამაში იქნება და ტაქტიკურ მხარეზე დიდი ყურადღება არ იქნება გამახვილებული. ხორვატიას პატივს ვცემ და ზედიზედ მეორედ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ბრწყინვალე მიღწევაა“.
ზლატკო დალიჩი
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ძალები და ენერგია მოვიკრიბოთ და მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოვემზადოთ. ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის დიდი ფინალია და არა - პატარა. მედლისთვის ვიბრძვით, მზად უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, თუმცა სიმართლეს გეტყვით, რომ ფეხბურთელების შერჩევა რთული პროცესი იყო. ვფიქრობ, ტიკი-ტაკა უკვე ისტორიაა. ესპანეთმა 900 გადაცემა გააკეთა და მაროკოსთან დამარცხდა, საფრანგეთი კი კონტრშეტევებზეა ორიენტირებული. ჩვენი მეტოქე კომპაქტური გუნდია, რომელსაც კარგი დაცვა, სწრაფი ფეხბურთელები და კონტრშეტევაზე სახიფათო მოთამაშეები ჰყავს. ვფიქრობ, სათამაშო სქემას სწორედ ამაზე ააწყობენ“.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიამ ნახევარფინალი არგენტინასთან დათმო, მაროკომ კი - საფრანგეთთან.