„ძალიან მაგარი ტრანსფერი იქნება“ - რას წერენ ნიუკასლის ფანები ხვიჩაზე
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Times-მა ხვიჩა კვარაცხელია „ნიუკასლს“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ამ ინფორმაციას „კაჭკაჭების“ გულშემატკივართა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მათი უმრავლესობა „კვარას“ საყვარელი გუნდის მაისურით ხილვის პერსპექტივით აღფრთოვანებულია.
„ხვიჩას 50 მილიონ გირვანქად ვერ ვიყიდით, რაც სამწუხაროა, რადგან ის ძალიან მაგარია“.
„პრაქტიკულად ნულია იმის შანსი, რომ ხვიჩა 50 მილიონად გაიყიდოს. ნაპოლი ალბათ, 100 მილიონს მოითხოვს. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდაა“.
„ჩემპიონთა ლიგა თუ ნიუკასლში ეს გადატრიალება მოხდება“.
„მის სანაცვლოდ ნებისმიერი თანხა გადაიხადეთ. ჩემი აზრით, გაცილებით მეტი ეღირება, ვიდრე 50 მილიონი გირვანქა სტერლინგია, მაგრამ კვარაცხელიას რადიკალური ცვლილებების შემოტანა შეუძლია. ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია“.
„სამსახურიდან დავბრუნდი და ვნახე, რომ ნიუკასლი კვარაცხელიათი ინტერესდება. თუ ხვიჩა გადმოვიყვანეთ, ტოპ 4-ში ადგილი ჩვენია“.
„კვარაცხელიას ნიუკასლის მაისურით სიამოვნებით ვიხილავდი, მაგრამ 50 მილიონი საკმარისი ნამდვილად არ იქნება“.
„ქართველ გარემარბს ნაპოლიში გარღვევა ჰქონდა. მისი ტრანსფერი ბრწყინვალე გარიგება იქნებოდა. ხვიჩა ორივე ფეხს კარგად იყენებს და მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ ბევრად მეტი ეღირება“.
„კვარაცხელიას ნიუკასლში გადასვლა საოცარი ტრანსფერი იქნებოდა“.
„კვარაცხელიას გადაბირება უნდა ვცადოთ. ხვიჩა მაგარი მობურთავეა და პრემიერ ლიგას გავანადგურებთ“.
„ეს ტრანსფერი არასდროს მოხდება, მაგრამ კვარაცხელიას, ისაკისა და ალმირონის შემტევი ტრიო სასიკვდილო იქნებოდა“.
შეგახსენებთ, რომ 1997-2000 წლებში „ნიუკასლის“ შემადგენლობაში თემურ ქეცბაია ასპარეზობდა, რომელმაც კლუბში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლებოდა, მისი გამარჯვების გოლით ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშა. ასევე, 2009 წელს „ბლექბერნ როვერსმა“ ხიზანიშვილი ნახევარი სეზონით „ნიუკასლში“ გაანათხოვრა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.