ფრანგმა სამართალდამცველებმა 266 ადამიანი დააკავეს - 5 პოლიციელი დაშავებულია
Aa
Aa

ფრანგმა სამართალდამცველებმა 266 ადამიანი დააკავეს - 5 პოლიციელი დაშავებულია

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ, საფრანგეთში არეულობა მოჰყვა. აფრიკელთა გულშემატკივრები ფრანგული ქალაქების ქუჩებში გავიდნენ და პოლიციასა და ადგილობრივ ქომაგებს დაუპირისპირდნენ.

ფრანგი სამართალდამცველების ინფორმაციით, შეტაკებების შემდეგ, 266 ადამიანია დაკავებული. მათი უმრავლესობა, კერძოდ 167, პარიზში და მის შემოგარენში დააკავეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, დაკავებულებს ბრალად ძალადობრივი ქმედება, სხვისი საკუთრებისთვის ზიანის მიყენება და ფეთქებადი მოწყობილობის ან იარაღის ტარება ედებათ, 24 შემთხვევაში კი დაკავებული არასრულწლოვანია.

ფრანგული პრესის ცნობით, შეტაკებების შედეგად დაზიანება ხუთმა პოლიციელმა მიიღო, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. RMC Sport-ის თანახმად, მატჩის შემდეგ, მხოლოდ ელისეს მინდვრებზე თავი 25 000-მა ადამიანმა მოიყარა. საინტერესოა, რომ დაკავებულთა შორის არის ერთ-ერთი ულტრა მემარჯვენე ჯგუფის 40 წარმომადგენელი, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ჩადენას გეგმავდნენ და აკრძალულ იარაღებს ატარებდნენ.

შეგახსენებთ, რომ არეულობას ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია და 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მაროკოელებმა ერთ-ერთი ავტომობილი ალყაში მოაქციეს და მასზე დამაგრებული საფრანგეთის დროში მოპარვა უნდოდათ, რის გამოც, მძღოლი პანიკაში ჩავარდა, ავტომობილი დაძრა, მკვეთრად მოუხვია და 14 წლის მაროკოელ ბავშვს დაეჯახა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია და კიმი ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებენ - ოსიმენი მიდის
კვარაცხელია და კიმი ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებენ - ოსიმენი მიდის