„ვცდილობთ, ფრთხილად ვიყოთ, რათა არ გავრცელდეს“ - კომანს „აქლემის“ ვირუსი დაუდგინდა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ კინგსლი კომანი „სამფეროვანთა“ მესამე ფეხბურთელია, რომელსაც ე.წ „აქლემის ვირუსი“ დაუდგინდა. ამ ვირუსის გამო, ადრიენ რაბიომ და დაიო უპამეკანომ ნახევარფინალური შეხვედრა გამოტოვეს და „მამლები“ შექმნილ ვითარებას მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებიან.
„დღეს დილით, მაღალი ტემპერატურა კომანსაც ჰქონდა. დოჰაში ჰაერის ტემპერატურა ცოტათი დაეცა, მაგრამ კონდიციონერი მაინც 24 საათის განმავლობაშია ჩართული და რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როცა ფეხბურთელებს გრიპის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ.
ვცდილობთ, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ვირუსის გავრცელება თავიდან ავირიდოთ. უპამეკანომ თავი შეუძლოდ ინგლისთან მატჩის დასრულებისთანავე იგრძნო. როცა მაქსიმალურად იხარჯები, შენი ორგანიზმი სუსტდება და ვირუსებს შემოღწევა უადვილდებათ. საჭირო ზომები მიღებულია, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. რა თქმა უნდა, გადამდებ ვირუსთან გვაქვს საქმე და ნაბიჯების გადადგმა აუცილებლობას წარმოადგენდა“, - განაცხადა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა მაროკოს 2:0 მოუგო და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. „სამფეროვნებმა“ მაროკოს ტაიმებში თითო გოლი გაუტანეს და სანუკვარი თასისთვის ბრძოლაში არგენტინას დაუპირისპირდებიან.