სიომინი: „კვარას შეუძლია ოქროს ბურთის პრეტენდენტთა ფინალურ ათეულში მოხვდეს“
„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „პარტენოპეის“ შემტევზე ისაუბრა. რუსი სპეციალისტი 2023 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების პრეტენდენტების რეიტინგს გამოეხმაურა, რომელიც Goal-მა შეადგინა და მასში „კვარა“ მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
„ხვიჩა ასეთ მაღალ შეფასებას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარია გასული. მნიშვნელოვანია, რომ სიჩქარეს არ მოუკლოს და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში თავი კარგად წარმოაჩინოს, რათა ოქროს ბურთის პრეტენდენტების ფინალურ ათეულში მოხვდეს. ჩემი აზრით, მას ეს შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ Goal-ის რეიტინგში, ხვიჩა ჯერ მე-15 იყო, შემდეგ მეათე პოზიციაზე გადაინაცვლა, ახლა კი მეცხრე ადგილზე იმყოფება. კვარაცხელია ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც კარიმ ბენზემა, ანტუან გრიზმანი, ბუკაიო საკა, ლუკა მოდრიჩი, ჰარი კეინი და სხვები არიან.
რას წერს Goal-ი ხვიჩაზე
„არც ერთი სტატისტიკა არ აღწერს კვარაცხელიას გავლენას იმაზე უკეთ, ვიდრე ის, რომ მას სერია A-ში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს და თან ეს იმის ფონზე, რომ ნაპოლის ბოლო სამი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა მისი იმედებისთვის, რომ ოქროს ბურთი მოიგოს, დიდი დარტყმა იყო, მაგრამ რამდენიმე კვირა აქვს, რათა სეზონის მეორე ნახევარს საუკეთესო კონდიციებში შეხვდეს“.