ჰენრი სეხუდო: „ილია პიმბლეტს უდიდეს ტკივილს მიაყენებს“
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ ილია თოფურიაზე და პედი პიმბლეტზე ისაუბრა. 35 წლის ლეგენდამ განაცხადა, რომ პიმბლეტი მაღალი დონის მებრძოლი არაა და „ელ მატადორთან“ არანაირი შანსი არ აქვს.
„ილია თოფურია პედი პიმბლეტს უდიდეს ტკივილს მიაყენებს და ლივერპულელს ძალიან, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება, მაგრამ არ მგონია, პედის მასთან ჩხუბი სურდეს და ვფიქრობ, ეს არც UFC-ის უნდა. არაა გამორიცხული, ვცდებოდე, რადგან თოფურიას ბოლო ბრძოლის შემდეგ, შესაძლოა, UFC-ში გადაწყვიტონ, რომ ინვესტიცია მასში ჩადონ.
იმედგამაცრუებელია, რომ ამ სპორტს უწევს აიტანოს ბიჭი, რომელიც მაღალი დონის მებრძოლი არაა, მაგრამ მისი ჩხუბი მაინც ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს UFC-ი ძალიან ცდილობს, ვიღაცას ბიძგი მისცეს და ეს ვიღაც ჩამოყალიბებული ადამიანი არაა და არც ტალანტით გამოირჩევა“.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირება ვიხილეთ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.