კვარაცხელია და კიმი ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებენ - ოსიმენი მიდის
ცნობილი სპორტული ვებგვერდი, 90min.com-ი „ნაპოლის“ სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე წერს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით გაჟღერებული ცნობებია და 90 Min-ს თუ დავუჯერებთ, „კვარა“ ახალ ხელშეკრულებას მალე გააფორმებს.
როგორც ირკვევა, „პარტენოპეი“ დარწმუნებულია, რომ ხვიჩასთან და კიმ მინ-ჯესთან შეთანხმებას მიაღწევს და ისინი ახალ კონტრაქტს სეზონის დასრულებამდე მოაწერენ ხელს. 90 Min-ის მიხედვით, ნეაპოლელებს სჯერათ, რომ დიდი ინტერესის მიუხედავად, „კვარა“ და კიმი გუნდს ზამთარში არ დატოვებენ.
განსხვავებული ვითარებაა ვიქტორ ოსიმენის გარშემო. 90 Min-ის ინფორმაციით, 23 წლის თავდამსხმელს სავარაუდოდ, მომდევნო ზაფხულში გაყიდიან, თუმცა არის შანსი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაასხვისონ. მისით „ჩელსი“ ინტერესდება, რომელიც ცენტრალურ თავდამსხმელს აქტიურად ეძებს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა. მისი „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და 17 დეკემბერს ამხანაგური მატჩი ელის.