ლუკა პარკაძე
Aa
Aa

„ქართველთა ტრადიციას გააგრძელებს“ - Transfermarkt-მა ლუკა პარკაძეს სტატია მიუძღვნა

ცნობილმა გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა ლუკა პარკაძეს სტატია მიუძღვნა. „ბაიერნის ახალი შენაძენი ბუნდესლიგაში ქართველთა ტრადიციას გააგრძელებს“ - ასეთია სტატიის სათაური და Transfermarkt-ი ლუკაზე დეტალურად გვესაუბრება.

„2000-იანი წლების დასაწყისში, ფრაიბურგში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და გიორგი კიკნაძე ბუნდესლიგას აჯადოვებდნენ. ლევან კობიაშვილის წასვლის შემდეგ, რომელმაც ჰერტა 2014 წელს დატოვა, გერმანიის უმაღლესი დივიზიონი კავკასიის ამ რეგიონის წარმომადგენელს ელოდებოდა და ახლახან, ბაიერნმა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი გაიფორმა.

ლუკა პარკაძე 17 წლისაა და დინამო თბილისიდან მოდის, რომელსაც საქართველოს ჩემპიონობა ყველაზე მეტჯერ აქვს მოპოვებული. აგვისტოს ბოლოს, შემტევმა ნახევარმცველმა საქართველოს უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და იმ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი გახდა, რომლებმაც დინამო თბილისის ძირითად გუნდში შეაღწიეს. 2016 წლის შემდეგ, მხოლოდ 7 ფეხბურთელია ისეთი, რომლებსაც დინამო თბილისის რიგებში დებიუტი პარკაძეზე ახალგაზრდულ ასაკში ჰქონდათ.

ლუკა თავის შესაძლებლობებს განსაკუთრებით კარგად მაშინ ავლენს, როცა ბურთი აქვს. მემარჯვენე ფეხბურთელი ტექნიკურია და პრესინგს კარგად თამაშობს, თუმცა მისი ყველაზე ძლიერი მხარე სისწრაფეა. პროფესიონალურ დონეზე ჩატარებულ პირველ 4 შეხვედრაში, იგი ფლანგზე გაამწესეს, რათა ეს იარაღი იდეალურად წარმოეჩინა. მართალია, საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მეტოქე გუნდების მცველებს პარკაძის მეურვეობისას სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ის ფაქტი, რომ ლუკას უფრო მეტ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა, ტაქტიკურ საკითხებს უკავშირდება, რომლებშიც იგი არც თუ ისე ძლიერია და ეს განსაკუთრებით დაცვით ფაზას ეხება. პარკაძე საყოველთაოდ ცნობილ და ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას გვაგონებს. 21 წლის შემტევიც დინამო თბილისიდან მოდის და დღესდღეობით, ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა.

მიუნხენელ ქომაგებს შეუძლიათ, მსგავსი პროგრესის იმედი ჰქონდეთ. ბოლოს და ბოლოს ბაიერნი პარკაძეს ხომ ადრეული ასაკიდან აკვირდებოდა: „ლუკას დიდი ხანია ვიცნობთ და ჩვენი სკაუტები მას თვალს ადევნებდნენ. ამასთან, მან ბაიერნის კამპუსში გავლილ სინჯებზე, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ მისი გაფორმება მოვახერხეთ და დინამო თბილისსა და ლუკას აგენტს, გურამ კაჭახიძეს მადლობას ვუხდით“, - განაცხადა ბაიერნის საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა, იოხენ ზაუერმა“.

შეგახსენებთ, რომ ლუკა პარკაძე დინამოს აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული თურანის წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის