პიმბლეტი: „თოფურია ლილიპუტია და ჩემს სახელს იყენებს“
UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. 27 წლის ლივერპულელმა ინტერვიუ BT Sport-ს მისცა და განაცხადა, რომ „ელ მატადორთან“ ჩხუბის შემთხვევაში, ილია იმ უპირატესობას, რომელიც პიმბლეტს წვდომში აქვს, ვერ გაუმკლავდება.
„თოფურია ლილიპუტია. ის ძალიან პატარაა და ბრაის მიტჩელმა შეაბარბაცა. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ბოლო ჩხუბისას კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე რაუნდში ენერგია აღარ ჰქონდა და დაღლილი იყო. ბრაისმა კი, რომელიც გრეპლინგითაა სახელგანთქმული, ძლიერად მოარტყა და შეაბარბაცა.
თოფურია უპირატესობას, რომელიც წვდომში მაქვს, ვერ გაუმკლავდება. დიახ, მიტჩელთან კარგი იყო, მაგრამ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩხუბობს, მე კი მსუბუქ წონაში ვარ. ის თავისი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში იმყოფება და მაინც ჩემთან ბრძოლა უნდა, ეს კი აჩვენებს, რა ვარსკვლავური სტატუსი მაქვს. მას ჩემი სახელი სჭირდება, რათა ყურადღების ცენტრში დარჩეს“.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირება ვიხილეთ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.