სკალონი: „მესი ისტორიაში საუკეთესოა“
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. „ალბისელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ გავიდა. გასული ოთხი ფინალიდან ორი მოიგო (1978, 1986), ორ შეხვედრაში დამარცხდა (1990, 2014).
გამარჯვების შემდეგ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მედიასთან ისაუბრა:
„ვზეიმობთ, რადგან ეს ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. ეს დროა სიამოვნებისთვის, მაგრამ ჩვენ უკვე მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობთ.
ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა, ხორვატიამ 2018 წლის მუნდიალის ფინალში ითამაშა. ვინც არგენტინელი არაა, მათთვის რთულია იმის გააზრება, როგორც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ფეხბურთით.
ზოგჯერ ჩანს, რომ ამას იმიტომ ვამბობთ, რომ არგენტინელები ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მესი ისტორიაში საუკეთესოა და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არგენტინელი ვარ. მესი საუკეთესოა და ამაში ეჭვი არ მეპარება.
ხულიან ალვარესმა კარგი თამაში ჩაატარა, თუმცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ გოლები გაიტანა. მან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა“.
არგენტინა-ხორვატიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე ლეო მესიმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. პენალტი ხულიან ალვარესმა გამოიმუშავა, რომლის წინააღმდეგ თამაშის წესი ხორვატიის ნაკრების მეკარემ, ლივაკოვიჩმა დაარღვია. 39-ე წუთზე არგენტინის ნაკრების კონტრშეტევა ხულიან ალვარესის ბრწყინვალე დრიბლინგითა და გოლით დასრულდა, ხორვატიის ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე ხულიან ალვარესმა დააფიქსირა, საგოლე პასი ლეო მესის აქტივშია.
კატარი 2022-ის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. საფრანგეთი-მაროკოს დაპირისპირება 14 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.
მესამე ადგილისთვის დაპირისპირება 17 დეკემბერს შედგება, ხორვატიის მეტოქე საფრანგეთსა და მაროკოს შორის დამარცხებული იქნება.