„ეს სიგიჟეა“ - არგენტინელი ფეხბურთელები ხორვატიასთან გამარჯვებაზე
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. „ალბისელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ გავიდა. გასული ოთხი ფინალიდან ორი მოიგო (1978, 1986), ორ შეხვედრაში დამარცხდა (1990, 2014).
გამარჯვების შემდეგ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა, კრისტიან რომერომ, ნიკოლას ტალიაფიკომ და ნიკოლას ოტამენდიმ მედიასთან ისაუბრეს.
კრისტიან რომერო: „მიაღწიო მსოფლიო თასის ფინალამდე, ეს ყოველდღიური გამოცდილება არაა. ისიამოვნეთ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტის მიღწევა გვსურს. ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ. სამართლიანად და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.
ნიკოლას ტალიაფიკო: „ფინალში გასვლა ერთ-ერთი მიზანი იყო და ამ მიზნის მიღწევა შევძელით. თითქოს, აქ უფრო მეტი არგენტინელია ვიდრე არგენტინაში. რაც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, ეს სიგიჟეა. ჩვენ ყველაფერი უკან დავტოვეთ. რაც არ უნდა მოხდეს, მათ მიტოვებას არ ვაპირებთ“.
ნიკოლას ოტამენდი: „ჩვენ ძლიერნი ვართ, როგორც გუნდი. ეს არის მნიშვნელოვანი. იმედი გვქონდა, რომ ფინალამდე მივაღწევდით. ახლა, ვეცდებით, მაქსიმუმი ვაჩვენოთ და მიზანს მივაღწიოთ“.
არგენტინა-ხორვატიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე ლეო მესიმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. პენალტი ხულიან ალვარესმა გამოიმუშავა, რომლის წინააღმდეგ თამაშის წესი ხორვატიის ნაკრების მეკარემ, ლივაკოვიჩმა დაარღვია. 39-ე წუთზე არგენტინის ნაკრების კონტრშეტევა ხულიან ალვარესის ბრწყინვალე დრიბლინგითა და გოლით დასრულდა, ხორვატიის ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე ხულიან ალვარესმა დააფიქსირა, საგოლე პასი ლეო მესის აქტივშია.
კატარი 2022-ის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. საფრანგეთი-მაროკოს დაპირისპირება 14 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.
მესამე ადგილისთვის დაპირისპირება 17 დეკემბერს შედგება, ხორვატიის მეტოქე საფრანგეთსა და მაროკოს შორის დამარცხებული იქნება.