მესი: „დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ნაკრები ტყვიასავით გაისროდა“
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. „ალბისელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ გავიდა. გასული ოთხი ფინალიდან ორი მოიგო (1978, 1986), ორ შეხვედრაში დამარცხდა (1990, 2014).
მატჩის შემდეგ ლეო მესიმ მედიასთან ისაუბრა:
„ბევრ რამეს ვგრძნობ. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია. უყურებდე ხალხს და უყურებდე შენს ოჯახს მთელი მუნდიალის განმავლობაში, ეს რაღაც საოცარია. ახლა ჩვენ მივდივართ ბოლო მატჩისკენ, წინ ფინალია. ეს ის არის, რაც ჩვენ გვინდოდა.
არ ვიცი, ეს ჩემი საუკეთესო მუნდიალია თუ არა. სიამოვნებას ვიღებ ამ ტურნირზე დიდი ხნით თამაშით. დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ნაკრები ტყვიასავით გაისროდა და ჩვენ ეს შეგვეძლო. ჩვენ ვიცით, რა გუნდი ვართ და ვთხოვ ხალხს, რომ ჩვენი სჯეროდეთ.
არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაბრუნდა. მოდი, ისიამოვნეთ!“.
არგენტინა-ხორვატიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე ლეო მესიმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. პენალტი ხულიან ალვარესმა გამოიმუშავა, რომლის წინააღმდეგ თამაშის წესი ხორვატიის ნაკრების მეკარემ, ლივაკოვიჩმა დაარღვია. 39-ე წუთზე არგენტინის ნაკრების კონტრშეტევა ხულიან ალვარესის ბრწყინვალე დრიბლინგითა და გოლით დასრულდა, ხორვატიის ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე ხულიან ალვარესმა დააფიქსირა, საგოლე პასი ლეო მესის აქტივშია.
კატარი 2022-ის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. საფრანგეთი-მაროკოს დაპირისპირება 14 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.
მესამე ადგილისთვის დაპირისპირება 17 დეკემბერს შედგება, ხორვატიის მეტოქე საფრანგეთსა და მაროკოს შორის დამარცხებული იქნება.