ხულიან ალვარესი, კატარი 2022
Aa
Aa

საოცარი ლეო მესი და ალვარესის დუბლი - არგენტინა მუნდიალის ფინალშია

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. „ალბისელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ გავიდა. გასული ოთხი ფინალიდან ორი მოიგო (1978, 1986), ორ შეხვედრაში დამარცხდა (1990, 2014).

ანგარიში 34-ე წუთზე ლეო მესიმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. პენალტი ხულიან ალვარესმა გამოიმუშავა, რომლის წინააღმდეგ თამაშის წესი ხორვატიის ნაკრების მეკარემ, ლივაკოვიჩმა დაარღვია. 39-ე წუთზე არგენტინის ნაკრების კონტრშეტევა ხულიან ალვარესის ბრწყინვალე დრიბლინგითა და გოლით დასრულდა, ხორვატიის ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე ხულიან ალვარესმა დააფიქსირა, საგოლე პასი ლეო მესის აქტივშია.

ეს გოლი მესისთვის მუნდიალზე რიგით მე-11 იყო, რაც არგენტინის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

მესიმ მუნდიალზე 25-ე მატჩი ჩაატარა და ლოთარ მათეუსის რეკორდი გაიმეორა. ამჟამად, მესი და მათეუსი რეკორდის თანაავტორები არიან. 

ლეო მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა (2006 წლის მუნდიალზე სერბეთთან, 2022 წლის მუნდიალზე მექსიკასთან, ნიდერლანდებთან და ხორვატიასთან).

ამ მუნდიალზე მესიმ ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე სამივე ფლეი-ოფის შეხვედრაში გოლი გაიტანა. ანალოგიური შედეგი სალვატორე სკილაჩიმ (1990), რობერტო ბაჯომ (1994), ხრისტო სტოიჩკოვმა (1994), დავორ შუკერმა (1998) და ვესლი სნეიდერმა (2010) დააფიქსირეს.

ლეო მესის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეორედ ითამაშებს. 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალის ფინალში არგენტინა გერმანიასთან დამარცხდა.

კატარი 2022-ის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. საფრანგეთი-მაროკოს დაპირისპირება 14 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.

მესამე ადგილისთვის დაპირისპირება 17 დეკემბერს შედგება, ხორვატიის მეტოქე საფრანგეთსა და მაროკოს შორის დამარცხებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარი ნევილი: „არგენტინა ზოგჯერ სამარცხვინოდ იქცევა, მაგრამ საჩემპიონო კომბინაცია აქვს“
გარი ნევილი: „არგენტინა ზოგჯერ სამარცხვინოდ იქცევა, მაგრამ საჩემპიონო კომბინაცია აქვს“