მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
საფრანგეთი
დიდიე დეშამის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ დაიწყო. პირველ ტურში „მამლებმა“ ავსტრალია 4:1 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია 1:0-ს იგებდა და შემდეგ ფრანგებმა 4 უპასუხო ბურთი შეაგდეს. თავი მბაპემ, რაბიომ და ჟირუმ(2) გამოიჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ, ოლივიე ჟირუ ტიერი ანრის გაუთანაბრდა. „მილანის“ თავდამსხმელს საფრანგეთის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობის რეკორდის დასამყარებლად 1 გოლი სჭირდებოდა.
მეორე ტურში დეშამის შეგირდები დანიას დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს. ფრანგები მთელი თამაში დომინირებდნენ, თუმცა ერთი გოლი მაინც გაუშვეს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის მხრიდან თავი მბაპემ გამოიჩინა(2).
ბოლო ტურში კი დეშამმა შესუსტებული შემადგენლობა დააყენა და მაინც ყველასთვის მოულოდნელად ტუნისთან 0:1 დამარცხდა.
მიუხედავად წაგებისა, საფრანგეთი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და მერვედფინალში პოლონეთს დაუპირისპირდა. „მამლებმა“ 3:1 გაიმარჯვეს. გოლები ჟირუმ და მბაპემ(2) გაიტანეს. ოლივიე კი საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მეოთხედფინალი უკიდურესად დაძაბული გამოდგა. დეშამის გაწვრთნილი ნაკრები ინგლისს შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. „სამ ლომს“ ანგარიშს გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჰარი კეინმა პენალტი ვერ გამოიყენა.
დანაკლისი:
ამ მხრივ დეშამს პრობლემები აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ფრანგებს კიმპემბე და ბენზემა გამოაკლდათ. პირველი ტურის შემდეგ კი ლუკას ერნანდესი დაიმტვრა. ასევე ცნობილი იყო, რომ მუნდიალზე პოგბა და კანტე ვერ ითამაშებდნენ. ახლა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩუამენის და უპამეკანოს თამაშიც.
რა თქვა დეშამმა მატჩის წინ?
„მაროკო არის გუნდი, რომელიც თავს კარგად იცავს და მათ დაცვას გასაღები ბევრმა ნამდვილად ვერ უპოვა. მაროკოს ნაკრების თამაშებს ვუყურეთ და მნიშვნელოვანი საკითხები გამოვყავით. შევეცდებით, მეტოქე გავტეხოთ და გოლები გავიტანოთ. ჩვენი სურვილი მათთვის პრობლემების შექმნაა და გუნდისთვის დასახული მიზნის შეცვლას არ ვაპირებ. მეტოქე მხოლოდ დაცვაში არ გამოირჩევა. მაროკო დაცვითი გუნდი რომ იყოს, ნახევარფინალში ვერ გავიდოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საუკეთესო დაცვა ჰყავს.
საფრანგეთის ნაკრებს სურს, რომ ბურთი ჰქონდეს და საგოლე მომენტები შექმნას. მაროკოს ეროვნული გუნდი ბურთს მარტივად არ თმობს და საბოლოოდ, ყველა გუნდს თავისი სათამაშო გეგმა აქვს. პოლიტიკურ საკითხებს რაც შეეხება, მთელი ყურადღება ფეხბურთზე მაქვს გადატანილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს ისტორია აქვთ, პოლიტიკოსებისთვის მესიჯი არ გამაჩნია“.
მაროკო:
ვალიდ რეგრაგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენაა. მაროკომ პირველი მატჩი ხორვატიასთან გამართა და ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტურში კი ბელგიას დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდნელად 2:0 დაამარცხა. გოლები საიასმა და აბუხალმა გაიტანეს.
მესამე ტურში რეგრაგის გაწვრთნილმა ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში კანადა 2:1 დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. გოლები კი ზიეჩმა და ენ ნესირიმ გაიტანეს.
მერვედფინალში ყველა ელოდებოდა, რომ გამარჯვებული ესპანეთი გახდებოდა, მაგრამ მაროკოელები ასე არ ფიქრობდნენ. 120 წუთი გოლის გარეშე დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. მაროკომ დამსახურებულად მოიგო.
ესპანეთის დამარცხების შემდეგ, მაროკოს ფავორიტად მაინც ძალიან ცოტა ადამიანი თვლიდა, მაგრამ ძლიერი პორტუგალიის წინააღმდეგ რეგრაგის შეგირდებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ანგარიში 42-ე წუთზე ენ ნესირიმ გახსნა და მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.
დანაკლისი
ვალიდ რეგრაგის შედირა დააკლდება, რადგან მან პორტუგალიის წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მაზრაუის, ზიეჩის და საიასის თამაში.
რა თქვა რეგრაგიმ მატჩის წინ?
„სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემა ბევრ ფეხბურთელს აქვს, მაგრამ სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს. მაღალი დონის ექიმები გვყავს, თუმცა ამ მომენტისთვის, არ ვიცით, სათამაშოდ მზად ვინ იქნება. ყველაფერი ბოლო წუთს გაირკვევა. ნახევარფინალში გასვლით ჩვენი კონტინენტის მენტალიტეტი შევცვალეთ. უკმაყოფილო დავრჩები თუ ამ მიღწევით დავკმაყოფილდებით და მეტისთვის არ ვიბრძოლებთ. მინდა, ფინალში გავიდე და იმედი მაქვს, საფრანგეთი სათანადოდ არ დაგვაფასებს, რადგან თუ ასე არ მოხდა, სასურველი შედეგის დაფიქსირება გაგვიჭირდება. თუ საფრანგეთი ბურთს მოგვცემს, მას დავეუფლებით, მაგრამ არ მგონია, ასე მოხდეს და ჩვენი ამოცანა მათთვის დარტყმების განხორციელებაში ხელის შეშლაა.
ფინალში გასვლა და მსოფლიო ჩემპიონობა გვინდა. მზად ვართ, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და ხვალ ენერგიით სავსე ფეხბურთელებს იხილავთ. ჩვენ მისია გვაქვს და დაღლილები არ ვართ. ხვალ ბევრს ვირბენთ და არ მინდა, ეს შანსი ხელიდან გავუშვათ. არ მინდა, 40 წელი მომიწიოს ლოდინი. არის მომენტები, როცა შენი ტერიტორია უნდა მონიშნო და ახლა სწორედ ამის დროა. მოტივირებული, მოწყურებული და თავდაჯერებული ვართ. გვინდა ისტორია გადავწეროთ და აფრიკა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ავიდეს“.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და მაროკოს დაპირისპირება 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.