“კიდევ ერთი დაკარგული მსოფლიო ჩემპიონატი“ - MARCA ბენზემაზე
„კიდევ ერთი დაკარგული მსოფლიო ჩემპიონატი“ - ავტორიტეტული გამოცემა MARCA ასეთი სათაურით სტატიას აქვეყნებს. მთავარი მოქმედი გმირი კი „რეალის“ შემტევი კარიმ ბენზემაა.
ფრანგმა თავდამსხმელმა ნოემბერში ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი მუნდიალზე თამაში გამოირიცხა, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა.
ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა რეაბილიტაცია იმაზე მალე მოახდინა, ვიდრე ამას ექიმები ელოდებოდნენ. ტრავმის მიღებიდან 3 კვირაში(დეკემბრის დასაწყისი) ბენზემა ვალდებებასზე ვარჯიშობდა და ნაკრებში თამაშიც თავისუფლად შეეძლო.
MARCA-ის ინფორმაციით, კარიმს მერვედფინალში პოლონეთის წინააღმდეგ თამაში შეეძლო, მაგრამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ მის დაბრუნებას არ აპირებდა.
გამოცემა ასეთ სათაურს სტატიას იმიტომ აწერს, რომ 2018 წელს დეშამმა ბენზემა რუსეთში არ წაიყვანა და საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გამარჯვება გამორიცხული არც ახლა არის. „მამლები“ ნახევარფინალში მაროკოს დაუპირისპირდებიან და მეტად სავარაუდოა, რომ ფინალში სწორედ დეშამის შეგირდები გავლენ.
აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება MARCA-ს დავეთანხმოთ. კარიმ ბენზემამ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი დაკარგა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ საფრანგეთი ჩემპიონი გახდება, ოქროს მედალს „ბლანკოსის“ თავდამსხმელი მაინც მიიღებს, რადგან მთავარმა მწვრთნელმა მის ნაცვლად მუნდიალზე არავინ წაიყვანა და კარიმი განაცხადში იმყოფება.