რონალდუ ევრო 2024-ს უმიზნებს - კრიშტიანუ სანაკრებო კარიერას არ ასრულებს
პორტუგალიური გამოცემის, Correio da Manha-ს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს, 37 წლის ფეხბურთელს ევრო 2024-ზე თამაში სურს. წყაროს მიხედვით, რონალდუ 2026 წლის მუნდიალზე თამაშს არ გამორიცხავს, თუმცა პროგრამა მინიმუმს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში წარმოადგენს.
რონალდუს სანაკრებო კარიერა კიდევ ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. რონალდუს სანაკრებო კარიერისთვის, მისი როლისთვის ეროვნულ გუნდში, მნიშვნელოვანია ახალი მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულება მის მიმართ. ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ შეცვლის სანტუშს, ერთ-ერთი ვარიანტი ჟოზე მოურინიოა, რომელთან ერთადაც „რეალში“ წარმატებული წლები გაატარა.
კატარი 2022-ზე რონალდუმ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში სასტარტოში ითამაშა, განას გოლი შეუგდო, თუმცა ფლეი-ოფის შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილების გამო რონალდუს სანტუში ღიად არ გაუკრიტიკებია, თუმცა სანტუშმა აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელისთვის მარტივი მისაღები არ ყოფილა.
აღსანიშნავია მეორე ფაქტორიც, რონალდუ საუკეთესო ფორმისგან შორსაა, „მან. იუნაიტედში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, რაც მის თამაშზე უარყოფითად აისახა, მისი პროდუქტიულობა მკვეთრად დაეცა, ამიტომ სანტუშმ 21 წლის გონსალუ რამუშით ჩაანაცვლა, რომელმაც შვეიცარიასთან მერვედფინალურ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა მაროკოსთან თავი არაფრით გამოუჩენია.