რეგრაგი: „არ მინდა 40 წელი მომიწიოს ლოდინი, ჩვენი მიზანი ფინალია“
მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ საფრანგეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. აფრიკელთა თავკაცის თქმით, ის და მისი გუნდი შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ და არ სურთ, 40 წელი მოუწიოთ ლოდინი.
„სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემა ბევრ ფეხბურთელს აქვს, მაგრამ სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს. მაღალი დონის ექიმები გვყავს, თუმცა ამ მომენტისთვის, არ ვიცით, სათამაშოდ მზად ვინ იქნება. ყველაფერი ბოლო წუთს გაირკვევა. ნახევარფინალში გასვლით ჩვენი კონტინენტის მენტალიტეტი შევცვალეთ. უკმაყოფილო დავრჩები თუ ამ მიღწევით დავკმაყოფილდებით და მეტისთვის არ ვიბრძოლებთ. მინდა, ფინალში გავიდე და იმედი მაქვს, საფრანგეთი სათანადოდ არ დაგვაფასებს, რადგან თუ ასე არ მოხდა, სასურველი შედეგის დაფიქსირება გაგვიჭირდება. თუ საფრანგეთი ბურთს მოგვცემს, მას დავეუფლებით, მაგრამ არ მგონია, ასე მოხდეს და ჩვენი ამოცანა მათთვის დარტყმების განხორციელებაში ხელის შეშლაა.
ფინალში გასვლა და მსოფლიო ჩემპიონობა გვინდა. მზად ვართ, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და ხვალ ენერგიით სავსე ფეხბურთელებს იხილავთ. ჩვენ მისია გვაქვს და დაღლილები არ ვართ. ხვალ ბევრს ვირბენთ და არ მინდა, ეს შანსი ხელიდან გავუშვათ. არ მინდა, 40 წელი მომიწიოს ლოდინი. არის მომენტები, როცა შენი ტერიტორია უნდა მონიშნო და ახლა სწორედ ამის დროა. მოტივირებული, მოწყურებული და თავდაჯერებული ვართ. გვინდა ისტორია გადავწეროთ და აფრიკა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ავიდეს“.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.