თოფურია: „UFC-ი პიმბლეტს ჩემგან იცავს, პედი ცუდი მებრძოლია“
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია MMA-ის ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის გადაცემის, The Mma Hour-ის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ ბრაის მიტჩელთან გამართულ ჩხუბზე ისაუბრა და დასძინა, რომ UFC-ი ყველაფერს აკეთებს, რათა პედი პიმბლეტი მისგან დაიცვას.
„ბრაის მიტჩელთან გამართული ბრძოლის შედეგით ბედნიერი ვარ. ასე მარტივად წონის კლების პროცესი არასდროს გამივლია და გახარებული ვარ. ჩემი მიზანი მხოლოდ გამარჯვება არ იყო. ვიცოდი, რომ მოვიგებდი და მინდოდა, მიტჩელი მარტივ მეტოქედ წარმომეჩინა. ზუსტად ეს გავაკეთე. პირველ რაუნდში სტრაიკინგში ვაჯობე, მეორე რაუნდში კი ისე დაიღალა, რომ გრეპლერი მახრჩობელა ილეთით დავამარცხე. ამ ჩხუბამდე სტრაიკერი დავანოკაუტე და რაღა დარჩა? ჩემი ქმედებები და ბრძოლები ყველაფერს თავად ამბობენ.
პიმბლეტს რაც შეეხება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ UFC-ი მას ჩემგან იცავს. არ ვიცი, ასე რატომ ხდება და ამ მომენტისთვის, სწორედ ამ ბრძოლის ჩანიშვნა არის საჭირო, რადგან ჩვენი ჩხუბი ქომაგებში უფრო მეტ აღტაცებას გამოიწვევს, ვიდრე საჩემპიონო დაპირისპირებების უმრავლესობა. პიმბლეტს ჩემთან შანსი არ აქვს. გპირდებით, რომ ვერ გაიმარჯვებს. სულერთია, რომელ წონით დივიზიონში ვიჩხუბებთ. შეუძლია, მოვიდეს და წონა არც დააფიქსიროს. პიმბლეტს საკუთარი თავის პრომოუტირება კარგად გამოსდის, მაგრამ საშინელი მებრძოლია. არანაირი უნარი არ აქვს და მისი ჩხუბები ძალიან მოსაწყენია. იგი ჩემთან უშანსოდაა, კარგად ვიცი, რა მოხდება და პირველ რაუნდში დავაძინებ. მისი ბოლო ბრძოლის შედეგი საშობაო საჩუქარი იყო და ყველამ იცის, რომ მასზე უკეთესი ვარ. სწორედ ამიტომ მარიდებენ. ნოკაუტში ჩავაგდებ და ყველა კომპონენტში მასზე მაღლა ვდგავარ. ახლა მთავარი ბიჭი მე ვარ და ყველას ჩემი ბრძოლის ყურება უნდა“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბრაის მიტჩელი მეორე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ამერიკელს დანებება აიძულა.