ბორდო, ტორინო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

“ხარი, რომელიც მე მინდა“ - Corrieregranata ზურიკო დავითაშვილზე წერს

მას შემდეგ, რაც ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ გადავიდა მისით სხვადასხვა ევროპული გუნდები ინტერესდებიან. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე უკანასკნელი ცნობები იტალიურმა მედიამ გააჟღერა და ის „ტორინოს“ დაუკავშირა.

საინტერესოა, რომ ამ საკითხს იტალიური გამოცემა Corrieregranata ჩაეძია და ზურიკოზე ვრცელი სტატია დაწერა.

რას წერს Corrieregranata?

„იურიჩის ტაქტიკისთვის პოზიციების ერთმანეთთან დაკავშირება ფუნდამენტური რამ გახლავთ. ნახევარმცველებს პირდაპირ ევალებათ, რომ თავდასხმასთან და დაცვასთან თანაბრად დაკავშირებულნი იყვნენ. პრიორიტეტი კი საგოლე მომენტების შექმნა და თავდამსხმელებთან ერთად მაღალი პრესინგის შექმნაა. შემდეგ კი ხაზის დაწევით ნახევარდაცვამ სიმჭიდროვე უნდა შექმნას. რუბრიკაში „ხარი, რომელიც მინდა“ წარმოგიდგენთ ზურიკო დავითაშვილს.

ყველა ვინც მსოფლიო ფეხბურთს და კონკრეტულად სერია ა-ს ადევნებს თვალს, რა თქმა უნდა ნათლად გააცნობიერა, თუ რამხელა გავლენა მოახდინა ზურიკოს თანამემამულემ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატზე. ის 2022/2023 წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიურპრიზია. ზურიკო დავითაშვილი - სახელი, რომლის წარმოთქმაც თითქმის ისეთივე ძნელია, როგორიც მისი თანამემამულის. ზურიკო წარმოადგენს კიდევ ერთ პოტენციურ ნიჭს, რომელიც იურიჩის ტაქტიკისთვის შესაფერისია. „ტორინოს“ მწვრთნელი მას შემტევი ნახევარმცველის ან მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ბრწყინვალედ გამოიყენებდა.

2001 წელს დაბადებული დავითაშვილის საუკეთესო თვისებები მარჯვენა ფლანგზე ვლინდება. მისი ძლიერი ფეხი სწორედ მარჯვენაა. ზურიკო საკმაოდ სწრაფია და მეტოქის კარზეა ორიენტირებული. „ბორდოში“ გადასვლამდე მან ბათუმის „დინამოს“ რიგებში 14 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. სიმაღლეში სულ რაღაც 1 მეტრი და 75 სანტიმეტრია, მაგრამ მისი პლუსი სწრაფად აჩქარებაშია. თავისი მოკლე ფეხებით დიდ სისწრაფეს უმალ ანვითარებს და ამით კვარაცხელიას ძალიან ჰგავს. ასევე აქვს სივრცის შექმნის შესანიშნავი უნარი და უხერხული სიტუაციიდან კარში დარტყმის დიდოსტატია.

ბელოტის წასვლის შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ „ტორინოს“ უჭირს. გუნდში არ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ბევრ რამეს თავის თავზე აიღებს და მატჩის ბედს გადაწყვეტს. 21 წლის ქართველი ინსპირაციისა და გამორჩეული დინამიზმის წყალობით შეიძლება იყოს ის ფეხბურთელი, რომელსაც სხვა გუნდებთან განსხვავების შექმნა შეეძლება.

ქართველ ფეხბურთელს „ბორდოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ევროა. ეს თანხა კი „ტორინოს“ ბიუჯეტს სრულიად შეესაბამება. ეს იქნება ინვესტიცია, რომელმაც შესაძლოა სამომავლოდ უდიდესი მოგება მოიტანოს. ტრანსფერი ზურიკოსაც წაადგება, რადგან ის აქ უფრო მეტად განვითარდება. ეჭვგარეშეა, რომ დავითაშვილი ავლენს თვისებებს, რომელთა დახვეწის შემთხვევაში, შეუძლია გარდაიქმნას ჩინებულ ფეხბურთელად. გარდა ამისა, იურიჩთან მუშაობის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი განახლება იქნება მისი კარიერისთვის.“

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამო ახლა საკლუბო ფეხბურთი შეჩერებულია, თუმცა სხვადასხვა გუნდები ამხანაგურ მატჩებს მართავენ. გამონაკლისი არც „ბორდოა“, რომელიც „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ერთი გოლი კი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინა VS ხორვატია - მატჩის წინ
არგენტინა VS ხორვატია - მატჩის წინ