“ნაკრების კარი არავისთვისაა დახურული“ - ესპანეთმა დე ლა ფუენტე წარადგინა
როგორც მოგეხსენებათ ლუის ენრიკე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დღეს კი ესპანეთის ნაკრებმა ლუის დე ლა ფუენტე წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ, 61 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
დე ლა ფუენტე:
„ლუსი ენრიკეს უკვე ვესაუბრე, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. იდეები უკვე ჩამომიყალიბდა. ეროვნული ნაკრების კარი არავისთვის არის დახურული. ახალი ეტაპი იწყება. ფეხბურთი მუდმივად იცვლება. ყველაფერი უნდა გავაუმჯობესოთ და ცვლილებებისთვის მზად ვიყოთ. მუნდიალზე ბევრი კარგი რამ ვნახეთ და ეს აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ფედერაციაში უკვე 10 წელია ვმუშაობ.
დიდი ხანი ფეხბურთელი ვიყავი. ასე რომ, ფეხბურთში ყველაფერი გამომიცდია. სანამ ენრიკე შემადგენლობას დაასახელებდა, სია ჩამოვწერე და 18 ფეხბურთელი დაემთხვა. თუ ვინმეს აქვს ცოდნა ესპანური ფეხბურთის აწმყოსა და მომავლის შესახებ, ეს მე ვარ. ფეხბურთს 11 მოთამაშე თამაშობს. უნდა მიხვდე როდის გარისკო. ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურია. მაგალითად, მე მჭირდება მეკარე, რომელიც კარის ხაზზე კარგია, გუნდს უკნიდან ყველაფერს კარნახობს და გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად შეუძლია.
არ ვაპირებ ბუსკეტსზე და რამოსზე დებატებში შესვლას. რა თქმა უნდა, მსურს, რომ ბუსკეტსმა ნაკრებში თამაში გააგრძელოს, რადგან მან ესპანურ ფეხბურთს ბევრი რამ მისცა. აბსოლუტურად ყველა ესპანელ ფეხბურთელს ვენდობი. შეგვიძლია ყველაფრის ჩემპიონები გავხდეთ. მინდა 2010 წლის სიამაყე აღვადგინო. აღვადგინო გრძნობა, სიამაყე და პატივი. მინდა ყველამ იამაყოს, რომ ჩვენ ესპანეთი ვართ.“
ცნობისთვის, 2013 წლიდან დე ლა ფუენტე ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა. 2013-დან 2018 წლის ჩათვლით 19-წლამდე ნაკრებს, 2018-2022 წლებში 21-წლამდე, ხოლო 2021 წელს პარალელურად ცოტა ხნით 23-წლამდე ნაკრებსაც ედგა სათავეში.