არგენტინა, კატარი 2022, ხორვატია
Aa Aa

არგენტინა VS ხორვატია - მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინა და ხორვატია დაუპირისპირდებიან. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

არგენტინა

სკალონის გაწვრთნილმა ნაკრებმა მუნდიალი სენსაციური მარცხით დაიწყო. პირველ ტურში „ალბისელესტე“ ყველასთვის მოულოდნელად საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა.

არგენტინელებმა რეაბილიტაცია მექსიკასთან შეხვედრაში მოახდინეს. ლეო მესისა და ენცო ფერნანდესის გოლებით „ალბისელესტემ“ გაიმარჯვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კი სკალონის შეგირდები პოლონეთს დაუპირისპირდნენ და საკმაოდ მარტივად 2:0 დაამარცხეს. გოლები მაკ ალისტერმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს. არგენტინა პირველ ადგილზე გავიდა და ავსტრალიას დაუპირისპირდა.

შედარებით იოლ მეტოქესთან წესით არგენტინას პრობლემა არ უნდა ჰქონოდა. სამხრეთ ამერიკელები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს, ერთი გოლი გაუშვეს და გულშემატკივრები საკმაოდ ანერვიულეს. რომ არა ლისანდრო მარტინესის და ემილიანო მარტინესის თავგანწირული თამაში, შესაძლოა მატჩი დამატებით დროში გადასულიყო.

მეოთხედფინალში კი საოცრად დაძაბული აღმოჩნდა. „ალბისელესტე“ მოლინას და მესის გოლებით 2:0-ს იგებდა, მაგრამ ნიდერლანდელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. დუბლი შეასრულა ცვლილებაზე გამოსულმა ვეგჰორსტმა. საქმე საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ემილიანო მარტინესმა გაიბრწყინა და არგენტინა ნახევარფინალში გავიდა.

დანაკლისი

აღსანიშნავია, რომ ლიონელ სკალონის ნახევარფინალური დაპირისპირების წინ არანაირი დანაკლისი არ აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დე პაულის და დი მარიას თამაში, მაგრამ ორივე ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და ხელმისაწვდომია.

რა თქვა სკალონიმ მატჩის წინ?

„ამ ეტაპზე ყოფნა და მესის თამაშის ყურება სასიამოვნოა. ის ბევრი ადამიანისთვის მაგალითია. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მსოფლიო ჩემპიონატია, ნახევარფინალში გასვლა ნამდვილად სასიამოვნოა. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსაჯები მატჩებს ბევრ წუთს ამატებენ. ეს დამატებით დაღლილობას იწვევს. ფინალამდე მაინც დიდი გზაა, რთულ მატჩს ველოდები.

ისე ვემზადებით, როგორც ნიდერლანდებთან თამაშამდე. არაბეთთან წაგების შემდეგ, თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასი იყო. ზოგჯერ შესაძლოა იღბალმა ზურგი გაქციოს, მაგრამ თუ ყველაფერს ზუსტად გავაკეთებთ გამარჯვება გარდაუვალი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ დე პაული და დი მარია თავს კარგად გრძნობენ და მათი თამაში შესაძლებელია.“

რა თქვა ტალიაფიკომ მატჩის წინ?

„პირველივე წუთებიდან ზიანის მიყენებას ვეცდებით. რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ პენალტების სერია ისევ ვიხილოთ, მაგრამ ჩვენ ემილიანო მარტინესი გვყავს, რომელსაც 100%-ით ვენდობით. ხორვატიას უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ვცდილობთ, ფოკუსირება საკუთარ თავზე მოვახდინოთ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავაზარალებთ მათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბოლო დაპირისპირებიდან 4 წელი გავიდა, ის მატჩი მაინც კარგად მახსოვს. ხორვატია ახლაც ძლიერია და მათ წინააღმდეგ გამარჯვება არასდროს არის ადვილი. ჩვენ ახლა სრულიად განსხვავებული ნაკრები ვართ. დალიჩს განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები ჰყავს. ტექნიკური, მაღლები, სწრაფები - ეს კი ბევრ საშუალებას იძლევა. ძალიან რთული მატჩი იქნება და ვფიქრობ, გამარჯვებულს დეტალები გამოავლენს.“

ხორვატია

ზლატკო დალიჩის გაწვრთნილი ნაკრები ნახევარფინალში დიდი ბრძოლის შედეგად გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე კი ცოტა გაუჭირდა. ხორვატები პირველ ტურში კიდევ ერთ ნახევარფინალისტს მაროკოს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

მეორე ტური დალიჩის ბიჭებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ხორვატია კანადას დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. გოლები კრამარიჩმა(2), მაიერმა და ლივამ გაიტანეს. კანადელთა მხრიდან კი თავი დეივისმა გამოიჩინა.

მესამე ტურში ბევრს ეგონა, რომ ბელგია ხორვატიას მოუგებდა, მაგრამ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, ბელგია ჯგუფში ჩარჩა, ხოლო ხორვატია მეორე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, მერვედფინალში იაპონიას დაუპირისპირდა.

ამ გუნდების მატჩი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მომენტებს ორივე ნაკრები ქმნიდა და ანგარიში 43-ე წუთზე მაედამ გახსნა. ხორვატები არ დანებდნენ და მეორე ტაიმში პერიშიჩმა წონასწორობა აღადგინა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, სადაც ლივაკოვიჩმა სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჩაეწერა.

„დინამო ზაგრების“ კარის დამცველი გახდა მესამე, რომელმაც მუნდიალზე სამი პენალტი მოიგერია.

დადგა ბრაზილიის ჯერი. „სელესაო“ უპირობო ფავორიტი იყო და მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა კიდეც. რიგ ეპიზოდებში ლივაკოვიჩმა ურთულესი ბურთები მოიგერია და საკუთარი ნაკრები გადაარჩინა. ანგარიში 105-ე წუთზე ნეიმარმა გახსნა და ყველას ეგონა, რომ ხორვატია გატყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე პეტკოვიჩმა გაისროლა, წონასწორობა აღადგინა და მატჩში პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ლივაკოვიჩმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ამას მარკინიოსის ძელი დაემატა და ხორვატია ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსად არგენტინისა, დანაკლისი არც ხორვატიის ნაკრებს აქვს და დალიჩი ნახევარფინალურ მატჩს სრული შემადგენლობით ხვდება.

რა თქვა დალიჩმა მატჩის წინ?

„2018 წლის მუნდიალზე, ინგლისთან ნახევარფინალი ხორვატიის ისტორიაში საუკეთესო მატჩი იყო, ხოლო ბრაზილიასთან მეორე. თუ არგენტინას მოვუგებთ, ეს ჩვენთვის ყველა დროის საუკეთესო ისტორიული თამაში იქნება. წინ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველოდება. ფინალში გასვლა ფანტასტიკური იქნება.

ჩვენ მსოფლიოს 4 საუკეთესო ნაკრებს შორის ვართ. ამას ზედიზედ 4 წელია ვაკეთებთ და ხორვატიისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გაცილებით მეტის გაკეთება გვინდა. დიდებულ არგენტინას ვუპირისპირდებით, რომელსაც ლიონელ მესი ჰყავს. ისინი უაღრესად მოტივირებულები არიან და უფრო დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ხორვატია ამ მომენტში.

ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი, რადგან მათ უდიდესი სიმამაცე და მაღალი ხარისხი გამოავლინეს. ამის გარეშე ნახევარფინალში ვერ გავიდოდით. აქედან გამომდინარე, თამაშის სტილს არ შევცვლით.“

არგენტინა VS ხორვატია

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 4-ჯერ შეხვდნენ, თუმცა ოფიციალური მატჩი აქედან ორი იყო. 2006 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინამ ხორვატია პინედას გოლით 1:0 დაამარცხა.

რაც შეეხება მეორე ოფიციალურ მატჩს, 2018 წლის მუნდიალზე ეს გუნდები კვლავ ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ამჯერად ხორვატიამ შეიძლება ითქვას „ალბისელესტე“ გაანადგურა. რებიჩის, მოდრიჩის და რაკიტიჩის გოლებით ხორვატიამ 3:0 მოიგო.

ცნობისთვის, ნახევარფინალური დაპირისპირება 13 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: