მესის კრიტიკის შემდეგ FIFA-მ ლაოსი მუნდიალიდან მოკვეთა
FIFA-მ ესპანელი მსაჯი მატეუ ლაოსი მუნდიალიდან მოკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება არგენტინა-ნიდერლანდების მატჩს უკავშირდება, შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდი ლაოსის მსაჯობით უკმაყოფილო იყო.
45 წლის არბიტრმა კატარის მუნდიალზე კატარი-სენეგალისა და ირანი-აშშ-ს მატჩებით იმსაჯა, თუმცა FIFA-ს გადაწყვეტილება მეოთხედფინალური შეხვედრიდან გამომდინარეობს.
???? Informa @partidazocope
— Tiempo de Juego (@tjcope) December 11, 2022
???? Termina la participación de Mateu Lahoz en el Mundial tras el Países Bajos - Argentina
???? Regresa de vuelta a España
???? Los árbitros VAR (Hdez Hdez, Martínez Munuera y De Burgos) con opciones de actuar en algún partido más
???? #COPEMundial pic.twitter.com/A9h3xrbqhc
ლაოსი ესპანეთში დაბრუნდა, მისი ესპანელი ასისტენტები ალეხანდრო ერნანდესი, მარტინეს მუნუერა და რიკარდო დე ბურგოსი კატარში რჩებიან. შესაძლოა, ერთ-ერთ შეხვედრაში VAR-ის ასისტენტებად იმუშავონ.
არგენტინა-ნიდერლანდების მატჩის დასრულების შემდეგ ლეო მესიმ ლაოსი მწვავედ გააკრიტიკა: „მთავარ არბიტრს რაც შეეხება, მსაჯზე საუბარი არ მინდა, რადგან დაგაჯარიმებენ და ვერ იტყვი იმას, რასაც ფიქრობ. ფიფამ სიტუაციას უნდა გადახედოს და ვფიქრობ, ასეთი ტიპის შეხვედრა ამ მსაჯს არ უნდა ანდონ, რადგან იგი ამ დონეს არ შეესაბამება. თამაშის დროს გვეშინოდა, რადგან ვიცოდით, ეს არბიტრი ვინ იყო“.
ნიდერლანდელმა ფრენკი დე იონგმა ლაოსის შესახებ შემდეგი რამ თქვა:
„როგორც კი ძირითადი დრო დასრულდა, არგენტინელები მსაჯთან მივიდნენ. ამის შემდეგ ის მხოლოდ არგენტინის სასარგებლოდ უსტვენდა. ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია! ის კარგი ადამიანია, კარგი მსაჯი, მაგრამ აქ გონების ხმას არ უსმენდა. ვფიქრობ, ის დამატებით დროში თავის თავს აღარ ჰგავდა. შესაძლოა მესის სიდიადემ მასზე იმოქმედა. ეს არ არის მსაჯის ბრალი, მაგრამ ამან მატჩზე იმოქმედა“.