დალიჩი: „მოტივირებული მეტოქე გვეყოლება, მესის შეჩერება მნიშვნელოვანია“
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა არგენტინასთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. დალიჩმა „ალბისელესტეს“ ლიდერი, ლიონელ მესი შეაქო და განაცხადა, რომ მისი გუნდის წარმატების გასაღები დისციპლინაა.
„ველოდებით, რომ რთული და მოტივირებული მეტოქე გვეყოლება, რომელსაც კატარში ქომაგების არმია ჰყავს. ვფიქრობ, არგენტინის ნაკრების საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ და ვეცდებით, მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ. მშვენივრად მოგვეხსენება, მესი რამდენს აკეთებს და როგორ უყვარს, როცა ბურთი აქვს. დაცვაში ყოფნისას ჩვენი წარმატების გასაღები დისციპლინაა. თუ გავიმეორებთ იმას, რაც ბრაზილიასთან ვაჩვენეთ, საშიში არაფერია.
მესის შეჩერებას სპეციალურ ყურადღებას დავუთმობთ. ინდივიდუალური მეურვეობა აღარ მუშაობს. ამაზე ადრეც ვთქვით უარი და ახლაც იმავეს ვაპირებთ. საჭიროა, რომ მისკენ მიმავალი პასები დავბლოკოთ და სივრცე მაქსიმალურად შევუმციროთ. ლეო ბევრს არ დარბის და ბურთს ელოდება, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
მესი ბოლო 10 წელია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და შანსები არ მივცეთ, რადგან ძალიან მოტივირებულია. ეს ალბათ, მისი ბოლო მსოფლიოა და რუსეთში განცდილი მარცხი დამატებით მოტივაციას მისცემდა. ასე რომ, უაღრესად მოტივირებულ მეტოქეს ველოდებით“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.