„სელესაოს მან. სიტიში დარჩენა ამჯობინა“ - ფენომენი რონალდო გუარდიოლაზე
ბრაზილიის ნაკრები კატარის მუნდიალს სენსაციურად დაემშვიდობა, 1/4-ფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტიტემ 6-წლიანი მუშაობის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ბრაზილიაში დაიწყო საუბარი, თუ ვინ გახდება „სელესაოს“ მთავარი მწვრთნელი.
გასულ წლებში „სელესაოს“ „მან. სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა დაუკავშირეს. სამხრეთ ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტიტეს წასვლის შემდეგ ვაკანტური პოზიციის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატი პეპ გუარდიოლაა, თუმცა ფენომენი რონალდოს კომენტარიდან გამომდინარე, გუარდიოლას ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნა, ფაქტობრივად გამორიცხულია. რონალდოს კომენტარს MARCA ავრცელებს:
„ბრაზილიაში გუარდიოლას მიმართ ინტერესი იყო, მის სამწვრთნელო შტაბთან თანამშრომლობას განიხილავდნენ, მაგრამ მან უპირატესობა „მან. სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას მიანიჭა, ბრაზილიის ნაკრებში მუშაობას ინგლისურ კლუბში დარჩენა ამჯობინა. შესაძლოა, მასთან შეთანხმების მიღწევა რთულია, რადგან მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია“.
ფენომენი რონალდოს აზრით, ბრაზილიის ნაკრებმა აქცენტი ფერნანდო დინიზის კანდიდატურაზე უნდა გააკეთოს, რომელიც „ფლუმინენსეს“ ტიკი-ტაკას სტილით ათამაშებს და აქედან გამომდინარე „ბრაზილიელ გუარდიოლას“ უწოდებენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ნოემბერში გუარდიოლამ „მან. სიტისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ასე რომ, მისი „სელესაოში“ დანიშვნა თითქმის გამორიცხულია.
გუარდიოლას გარდა „სელესაოში“ სამპაოლის, ჟორჟე ჟესუსის, მანო მენეჟესის, როჟერიო სენის, ფერნანდო დინიზის, დორივალ ჟუნიორის, რენატუ გაუჩოს, აბელ ფერეირას და კუკას კანდიდატურებს განიხილავენ.