ემბიდის აფეთქება ჰორნეთსთან - 53 ქულა და ბრწყინვალე პროცენტი
„ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. „ფილას“ მორიგი მსხვერპლი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერი, „შარლოტ ჰორნეთსი“ აღმოჩნდა და „სიქსერსმა“ 131:113 იმარჯვა, რაშიც უდიდესი წვლილი ჯოელ ემბიდმა შეიტანა.
28 წლის ცენტრს ფენომენალური მატჩი ჰქონდა და შეხვედრა 53 ქულით, 12 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით და 1 დაფარებით დაასრულა. ემბიდმა 32-დან 20 სროლა გამოიყენა და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ემბიდი „ფილადელფიას“ ისტორიაში მე-3 კალათბურთელია, რომელსაც ერთ რეგულარულ სეზონში მინიმუმ 2 50-ქულიანი მატჩი ჰქონდა. მან ლეგენდარული კალათბურთელების, უილტ ჩემბერლენისა და ალენ აივერსონის მიღწევები გაიმეორა. ამასთან, ემბიდი მიმდინარე რეგულარულში პირველია, ვინც 2 50-ქულიანი მატჩი გაიფორმა. დაბოლოს, ემბიდს ყველაზე ცოტა შეხვედრა დასჭირდა, რათა 100 30-ქულიანი და 10-მოხსნიანი შეხვედრა მიეთვალა - 346.
ჯოელის გარდა, აუცილებელია, ჯეიმს ჰარდენი გამოვარჩიოთ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 19 ქულა, 9 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა. ტობაიას ჰერისს 17 ქულა ჰქონდა, ხოლო დიანტონი მელტონმა 12 ქულა ჩააგდო. „ჰორნეთსის“ მხრიდან კელი უბრე ჯუნიორი და ტერი როზიერი გამოირჩნენ - 29-29 ქულა, ჯეილენ მეკდენიელსს კი 15 ქულა ჰქონდა.
ამრიგად, „ფილადელფიამ“ მე-14 მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. „სევენთი სიქსერსი“ მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს გამართავს და „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდება.