რეგრაგი: “დიდებული პორტუგალია დავამარცხეთ“
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. მაროკოს ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ვალიდ რეგრაგი გახდა პირველი აფრიკელი მწვრთნელი, რომელიც მუნდიალის ამ ეტაპზე იასპარეზებს.
მატჩის დასრულების შემდეგ, რეგრაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რეგრაგი:
„ესპანეთის შემდეგ, ჩვენ დიდებული პორტუგალია დავამარცხეთ. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ჩემი ფეხბურთელები ახლა ძალიან დაღლილები არიან, მაგრამ სიხარული ყველაფერს ფარავს. თამაშის წინ, ბიჭებს ვუთხარი, რომ მაროკოსთვის ისტორიის დაწერა იყო საჭირო. მათით ძალიან ვამაყობ.
ასეთი გამარჯვება გულშემატკივრებს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვთ. ვამაყობ, რომ ამ ისტორიის მონაწილე ვარ. ახლა ფინალზე არ ვფიქრობთ. ვცდილობთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გამარჯვება ზომიერად აღვნიშნოთ. ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ.“
შეგახსენებთ, რომ მატჩში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ენ ნესირმა გაიტანა. სანტუშის შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიშს გათანაბრება ვერ შეძლეს და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.