მაროკოს ზღაპარი გრძელდება - მუნდიალს პორტუგალიაც დაემშვიდობა
კატარი 2022-ის მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებმა იუსეფ ენ ნესირის ერთადერთი გოლით პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
ამ მუნდიალზე მაროკომ ჩემპიონობის სამი ფავორიტი დაამარცხა, ჯგუფურ ეტაპზე ბელგიას სძლია, მერვედფინალში ესპანეთი დაამარცხა, შემდეგ კი ტურნირიდან პორტუგალია გამოთიშა.
ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გავიდა, ფლანგური ჩაწოდების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მცველებმა და მეკარემ შეუთანხმებლად იმოქმედეს, რითიც იუსეფ ენ ნესირიმ ისარგებლა და თავური დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო.
მაროკოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალიდ რეგრაგი პირველი აფრიკელი სპეციალისტია, რომელმაც აფრიკული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გაიყვანა.
მაროკო მეოთხე აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში ითამაშა. ანალოგიური შედეგი კამერუნმა (1990), სენეგალმა (2002) და განამ (2010) დააფიქსირეს. მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს.
1 - Morocco are looking to become the first African team to qualify for the semi-final of a World Cup tournament - each of the previous three African sides to reach a quarter-final were all eliminated at this stage: Cameroon in 1990, Senegal in 2002 and Ghana in 2010. Challenge. pic.twitter.com/sJ6xc0VdeZ
— OptaJose (@OptaJose) December 10, 2022
„სევილიას“ 23 წლის ფორვარდმა იუსეფ ენ ნესირიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა, რაც მაროკოს ნაკრების ისტორიაში შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
კრიშტიანუ რონალდუ თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა მის თამაშს სიმწვავე და პროდუქტიულობა აკლდა.
57-ე წუთზე მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ იძულებითი ცვლილება განახორციელა, ტრავმირებულმა რომენ საისმა მინდორი საკაცით დატოვა, გამოცდილი ცენტრალური მცველი ნაკლებად გამოცდილმა აშრაფ დარიმ შეცვალა, 23 წლის მცველმა მაროკოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ მე-5 შეხვედრა ჩაატარა.
მეორე ტაიმში პორტუგალიის ნაკრებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა მაროკოელთა მეკარე ბონომ არაერთხელ ითამაშა ბრწყინვალედ. იასინ ბონო პირველი აფრიკელი მეკარეა, რომელმაც ერთ მსოფლიო თასზე სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
მუნდიალის ნახევარფინალში ვალიდ რეგრაგის მაროკო ინგლისსა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.