პელე, მარადონა, მათეუსი - მესი და რეკორდები, ისტორიული საღამო კატარში
არგენტინისა და ნიდერლანდების მეოთხედფინალურ მატჩს ფეხბურთის ქომაგები არასდროს დაივიწყებენ. კატარში საოცარი შეხვედრა ვიხილეთ, რომელმაც მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება პოვა.
ამ მატჩის მთავარი გმირი ემილიანო მარტინესთან ერთად ლეო მესი იყო, რომელმაც რამდენიმე ისტორიული შედეგი დააფიქსირა, რეკორდიც დაამყარა და მუნდიალების ისტორიაში თავისი სახელი კიდევ ერთხელ ჩაწერა.
გთავაზობთ გუშინდელი მატჩის შემდეგ, მესის მაჩვენებლებს, რომლებიც უკვე ისტორიის ნაწილია:
მესიმ მოლინას საგოლე პასი გაუკეთა, რაც მუნდიალების ისტორიაში (საპლეიოფო სტადია) მისთვის მე-5 იყო. ეს კი რეკორდია. ლეომ პელეს შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 4 ჰქონდა. რაც შეეხება სრულ ტურნირზე არსებულ რეკორდს, ის ჯერჯერობით კვლავ მარადონას ეკუთვნის და მის ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა. მესის კი ჯამში 7 აქვს და მეორე ადგილს ლეგენდარულ გერმანელ პიერ ლიტბარსკისა და ასევე ლეგენდარულ პოლონელ გჟეგოჟ ლიატოსთან იყოფს.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-10 გოლი გაიტანა და არგენტინის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ბატისტუტას გაუთანაბრდა. 2 გოლის გატანის შემთხვევაში ლეო პელეს დაეწევა.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჯამში 68 გამამწვავებელი პასი შეასრულა (გადაცემა, რომელსაც დარტყმა მოჰყვა). ამ მაჩვენებლით ლეომ მარადონას რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 67 ჰქონდა.
მსოფლიო ჩემპიონატებზე მესის წინააღმდეგ ფეხბურთელები ჯამში 65-ჯერ დაჯარიმდნენ, ეს კი ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ ერთპიროვნული და ხელშეუხებელი ლიდერი დიეგო მარადონაა - 152.
მესი ნახევარფინალში გასვლით ლოთარ მათესუსის რეკორდს დაამხობს და მუნდიალებზე 25-ე მატჩს ჩაატარებს. ლეგენდარულ გერმანელსაც ამდენი აქვს, თუმცა ლეო ჯამში კიდევ 2 მატჩს ჩაატარებს - ფინალს ან მესამე ადგილისთვის შეხვედრას და 26 მატჩით ერთპიროვნული ლიდერი გახდება.
ბოლოს კი გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრებმა მუნდიალების ისტორიაში პენალტების სერიაში თამაში 6-დან 5-ჯერ მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია. თავის მხრივ, ნიდერლანდებს თერთმეტმეტრიანების სერიაში 4-დან 3 წაგება აქვს. ანტირეკორდი კი ესპანეთისაა - 4-დან 4 მარცხი.