„პენალტების სერიას არ ვიმსახურებდით“ - რა თქვეს სკალონიმ და ვან გაალმა მატჩის შემდეგ
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. „ალბისელესტემ“ ნიდერლანდების ეროვნული გუნდი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მატჩის შემდეგ, ლუის ვან გაალმა და ლიონელ სკალონიმ მეოთხედფინალური დაპირისპირება შეაფასეს.
ლუის ვან გაალი
„ფეხბურთელები განადგურებული არიან. მატჩის შემდეგ, მათ მადლობა გადავუხადე და ეს საუკეთესო შემადგენლობაა, რომელიც ოდესმე მყოლია. ჩემი ხელმძღვანელობით, ნიდერლანდების ნაკრებმა 20 შეხვედრა გამართა და არც ერთხელ წაგვიგია. შეუძლებელია, იმის თქმა, რომ ცუდი პერიოდი გვქონდა. მატჩს რაც შეეხება, მინდა, პენალტის ეპიზოდი და არგენტინელების მიერ დროის გაყვანის მცდელობები ხელახლა ვნახო. მსაჯის გამო არ წაგვიგია, რადგან შეხვედრა ფრედ დასრულდა. თერთმეტმეტრიანებზე მთელი წლის განმავლობაში ვვარჯიშობდით, მაგრამ შეუძლებელია, ივარჯიშო იმ წნეხზე, რომელთან გამკლავებაც ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში გიწევს“.
ლიონელ სკალონი
„არგენტინა გამოირჩევა მტკიცე სულით და იცის, ასეთ სიტუაციებს როგორ გაუმკლავდეს. პენალტების სერიაში აღმოჩენას არ ვიმსახურებდით, მაგრამ გუნდმა თავისი სახე, სიამაყე და წარმატების წყურვილი აჩვენა. ბოლო 15 წუთში, მეტოქემ ფორვარდებისთვის პასების გაკეთება მოახერხა და ყველაფერი გამოუვიდა. ვიცოდით, რომ დამატებით დროში, ჩვენი ფეხბურთის თამაშით, მატჩის სცენარი ისევ შეიცვლებოდა და ზუსტად ასე მოხდა. აშკარა იყო, რომ ნიდერლანდები 2:2-ზე თანახმა გახლდათ, ჩვენ კი მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და შეგვეძლო, თერთმეტმეტრიანების სერიამდე მოგვეგო. დიახ, ჩვენი მიზანი 7 თამაშის ჩატარება და ცეკვის გაგრძელებაა. ხორვატიისადმი პატივისცემის მიუხედავად, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გვინდა. მგონია, რომ კარგი შეხვედრა გველოდება და იმედია, ავანსებს გავამართლებთ“.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, მეორე ნახევარფინალური წყვილი გაირკვევა და თბილისის დროით, 19:00-ზე, მაროკო პორტუგალიას შეხვდება, 23:00-ზე კი ინგლისი საფრანგეთს დაუპირისპირდება.