კაზემირო, ტიაგო სილვა
Aa
Aa

„სიტყვების პოვნა რთულია, ცხოვრება გრძელდება“ - რა თქვეს კაზემირომ და ტიაგო სილვამ

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა, ტიაგო სილვამ და კაზემირომ ხორვატიასთან განცდილ მარცხზე ისაუბრეს. კაზემიროს თქმით, „სელესაომ“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, სილვამ კი გუნდის არაორგანიზებულობაზე გაამახვილა ყურადღება.

რა თქვა ტიაგო სილვამ

„გოლები უნდა გავიტანოთ, როცა მომენტები გვეძლევა და სულერთია, მეტოქე ვინაა. ხორვატია მაღალი დონის გუნდია და უფრო შეკრული უნდა ვყოფილიყავით. ასეთ კონტრშეტევებთან შეჩვეული არ ვართ და ვფიქრობ, არაორგანიზებულად ვითამაშეთ. გოლის მომენტში ბურთზე პირველები ვერ ვიყავით და კონტრშეტევა მივიღეთ, ეს კი სწორედ ის იყო, რაც ხორვატიას სჭირდებოდა. რთულია, მაგრამ მწუხარების მიუხედავად, ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ჩემი თანაგუნდელებით და იმით, რასაც მივაღწიეთ, ვამაყობ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ახლა სიტყვების პოვნა ძნელია. უმძიმესია დაკარგო ის, რისკენაც ისწრაფვი, მაგრამ ცდილობ, საკუთარი თავი ხელში აიყვანო და ცხოვრება განაგრძო. სხვა ვარიანტი უბრალოდ არაა. სამწუხაროდ, როგორც ფეხბურთელმა ეს თასი ვერ აღვმართე. ვინ იცის, იქნებ ამ მიზანს სხვა როლში მივაღწიო“.

რა თქვა კაზემირომ

„ყველა მარცხი მტკივნეულია. განსაკუთრებით, როცა მიზანი და ოცნება გაქვს, რომლებისთვისაც 4 წლის განმავლობაში მუშაობდი. სიტყვების პოვნა რთულია, მაგრამ თავი უნდა ავწიოთ, რადგან ცხოვრება გრძელდება. დამწუხრებული ვართ და მთელმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, რათა მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით. ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო და გამარჯვება გამოგვეცალა. ახლა სიმშვიდე უნდა მოვიპოვოთ და ცხოვრება განვაგრძოთ“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებების მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს, პენალტების სერია კი „სელესაომ“ 2:4 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხორვატია ცეკვავს, ბრაზილია ტირის“ - უცხოური პრესის გამოხმაურება ბრაზილიის მარცხზე
„ხორვატია ცეკვავს, ბრაზილია ტირის“ - უცხოური პრესის გამოხმაურება ბრაზილიის მარცხზე