სიგიჟე, ხორვატთა მებრძოლი სული და პენალტების სერია - ბრაზილია მუნდიალს დაემშვიდობა
Aa
Aa

სიგიჟე, ხორვატთა მებრძოლი სული და პენალტების სერია - ბრაზილია მუნდიალს დაემშვიდობა

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. 2-დღიანი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო ზეიმი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირებით განახლდა და მატჩმა გულშემატკივართა იმედები გაამართლა. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, დამატებით დროში გუნდებმა თითო-თითო ბურთი შეაგდეს, რის შემდეგაც პენალტების სერია ვიხილეთ, რომელიც ხორვატებმა მოიგეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, საწყისი 45 წუთი ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველი სახიფათო მომენტი ხორვატებმა შექმნეს, თუმცა პერიშიჩის დარტყმა კარს დიდი მანძილით ასცდა. მე-20 წუთზე, ბრაზილიის ნაკრებმა შესანიშნავი შანსი მიიღო, მაგრამ ვინისიუს ჟუნიორმა ბურთი მცველს გაარტყა, რამდენიმე წამის შემდეგ კი, ნეიმარს ხორვატთა მეკარემ, დომინიკ ლივაკოვიჩმა აჯობა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ნახევრის სტარტი ბრაზილიის ნაკრების იყო. „სელესაომ“ ბრწყინვალე შანსი მიიღო, მაგრამ ლივაკოვიჩი მოწოდების სიმაღლეზე იყო და გუნდი გადაარჩინა. 54-ე წუთზე, ბრაზილიამ კიდევ ერთი მომენტი გაანიავა და ამჯერად, ხორვატთა მეკარეს ნეიმარმა ვერ აჯობა. 66-ე წუთზე, საკუთარი გუნდის დაწინაურება პაკეტას შეეძლო, მაგრამ სცენარი იგივე იყო - ლივაკოვიჩი შეუდარებელი გახლდათ. 76-ე წუთზე, ნეიმარის, მე-80-ზე კი პაკეტას მომენტი ვიხილეთ, მაგრამ ხორვატთა კარი მათაც ვერ დალაშქრეს და ნახევარფინალისტის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.

„სელესაომ“ თავისი მაინც გაიტანა და დამატებითი დროის პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა. ტიტეს ბიჭებმა ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ნეიმარმა დააგვირგვინა, შესანიშნავი გოლი შეაგდო და ანგარიში გახსნა.

„ნეის“ გოლის შემდეგ, ხორვატია გააქტიურდა და მებრძოლი სული კიდევ ერთხელ გამოავლინა. ლუკა მოდრიჩმა და კომპანიამ ფაქტობრივად სასწაული მოახდინეს და 117-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. თავი პეტკოვიჩმა გამოიჩინა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა.

საფეხბურთო ლატარიაში ხორვატიამ მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქტაგონის ცენტრში დამარხე“ - მათე სანიკიძე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირებაზე
„ოქტაგონის ცენტრში დამარხე“ - მათე სანიკიძე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირებაზე