მუნდიალის შემდეგ ერ-რიადში გაფრინდება - ჟოზე ფელიქსი რონალდუს ტრანსფერზე
MARCA-ს ჟურნალისტი ჟოზე ფელიქსი GOAL-თან ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კრიშტიანურ რონალდუ ერ-რიადში გაფრინდება.
„კრიშტიანუმ იცის, რაც იქნება მისი მომავალი, ეს იქნება საუდის არაბეთის ფეხბურთი. მან კლუბთან შეთანხმებას ყველა დეტალთან დაკავშირებით მიაღწია. კონტრაქტი 2,5-წლიანი იქნება.
ეს კლუბი ცდილობს პროგრესს და სურს, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში ჰეგემონია დაამყაროს. თუ არაფერი შეიცვლება, რონალდუ მუნდიალის შემდეგ ელ-რიადში გაფრინდება და კონტრაქტს გააფორმებს“.
ჟოზე ფელიქსი რონალდუთი დაინტერესებულ კლუბს არ ასახელებს, თუმცა 5 დეკემბერს MARCA-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვით 37 წლის პორტუგალიელმა „ალ ნასრისთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა შემდგომში რონალდუმ საუდის არაბეთში გადასვლა არ დაადასტურა.
ცნობილი ჟურნალისტების, ფაბრიციო რომანოსა და პედრო სეპულვედას თქმით, რონალდუს მაღალი ხელფასი არ აინტერესებს. მას იდეალური პროექტი და უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელება სურს. მისი პრიორიტეტი ისეთი კლუბის პოვნაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვის და აზიაში გადასვლას არც კი განიხილავს, თუმცა საუდის არაბეთის წარმომადგენლებისგან წინადადება ნამდვილად მიღებული აქვს. მიუხედავად ამისა, ჟოზე ფელიქსი ირწმუნება, რომ კრიშტიანუს არაბულ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია.