ვენგერი: „ზამთარში მუნდიალის ჩატარება კარგი არჩევანია“
FIFA-ს ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა „ეკიპთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვა სწორი გადაწყვეტილება იყო.
„თუ გვსურს, რომ ფეხბურთში დემოკრატია იყოს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატი აფრიკულ ქვეყნებშიც უნდა ჩავატაროთ, სადაც ზაფხულში თამაში შეუძლებელია. კატარის მუნდიალიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ ზამთარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება კარგი არჩევანია. მესმის, რომ ბევრ გუნდს მუნდიალისთვის მოსამზადებლად დრო არ ჰქონდა, თუმცა ზაფხულის მსოფლიოს ჩემპიონატებს ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გადაღლილნი ხვდებოდნენ, რაც ზამთარში ჩატარებულ მუნდიალს არ ახასიათებს, მოთამაშეები მსოფლიოს ჩემპიონატს მენტალური მხნეობით შეხვდნენ“.
შეგახსენებთ, არსენ ვენგერი მხარს უჭერდა მუნდიალის ყოველ ორ წელში ჩატარებას. ამ თემაზე მან 2021 წელს ისაუბრა.
„გაოცებული ვარ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ნებისმიერი ადამიანი კითხვაზე კარგია თუ არა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ჩატარება, გიპასუხებთ: „შესანიშნავია, დაეხმარება თამაშის განვითარებას“. მაშინ რატომ არის ეს ცუდი მამაკაცებისთვის? ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ იდეის მიუღებლობა ემოციებს ეფუძნება. მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ოთხ წელში ჩატარებას შევეჩვიეთ და გვსურს, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს“.