ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველების წარუმატებელი სტარტი
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში სტარტი აიღო ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატმა. გამთენიისას, საქართველოს სახელით ტურნირზე ორი ძალოსანი წარდგა.
61 კგ. წონით კატეგორიაში, გასული წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, შოთა მიშველიძემ იასპარეზა, თუმცა სამწუხაროდ, ქართველმა ძალოსანმა ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა. მიშველიძემ ატაცში მხოლოდ 1 ცდა გამოიყენა და 130 კგ ასწია, მეორე-მესამე ცდაზე კი შესაბამისად 135 და 136 კილოგრამებს ვეღარ გაუმკლავდა. ამ კატეგორიაში ქართველ ძალოსანს მე-8 ადგილი ერგო.
რაც შეეხება აკვრას, აქაც, მიშველიძეც მხოლოდ 1 ცდის გამოყენება შეძლო. პირველ მისვლაზე 25 წლის ძალოსანმა 155 კგ. დააფიქსირა, მომდევნო ორ შემთხვევაში კი 165 კგ. ვერ დაიმორჩილა. შოთა მიშველიძემ აკვრაში მე-11 ადგილი დაიკავა, ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 286 კილოგრამით კი მე-8 ადგილს დასჯერდა.
ამავე წონით კატეგორიაში ძალები გოდერძი ბერდელიძემაც მოსინჯა, რომელიც B ჯგუფში ასპარეზობდა.
ახალგაზრდა ძალოსანმა ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, თავი 120, 124 და 126 კილოგრამებს გაართვა, და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, აკვრაში კი 144, 149 და 151 კილოგრამების ძლევით მე-9 ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 277 კილოგრამი დააფიქსირა და B ჯგუფის საერთო ჩათვლაში მე-5 ადგილს დასჯერდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს სახელით ფიცარნაგზე კიდევ ერთ ძალოსანს ვიხილავთ. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 67 კგ. წონით კატეგორიაში გურამ გიორბელიძე დაიცავს.