ფატის აღარ ენდობიან? ბარსა მარტინელის შეძენას გეგმავს
„ბარსელონა“ ლონდონის „არსენალისა“ და ბრაზილიის ნაკრების მარცხენა გარემარბით გაბრიელ მარტინელით არის დაინტერესებული. ინფორმაციას ესპანური Sport-ი ავრცელებს.
წყარო წერს, რომ კატალონიური კლუბი მარტინელის თვალს უკვე დიდი ხანია ადევნებს და ამას ამჟამადაც მუნდიალის მსვლელობის დროსაც აკეთებენ.
21 წლის ბრაზილიელი მარცხენა გარემარბის კონტრაქტი „არსენალთან“ 2024 წლის ზაფხულში სრულდება და თუ მხარეები ახალ კონტრაქტს არ გააფორმებენ, „ბლაუგრანა“ მარტინელის შეძენას შეეცდება.
კლუბში თვლიან, რომ შემადგენლობის გაძლიერება საჭიროა და განსაკუთრებით თავდასხმის. როგორც ჩანს, „ბარსელონაში“ ანსუ ფატის დიდად აღარ ეიმედებათ, რომელიც ტრავმის შემდეგ სასურველ ფორმას ვერც კი მიუახლოვდა და ესპანეთის ნაკრებში თავი ვერაფრით გამოიჩინა. მარტინელი კი ზუსტად მის პოზიციაზე თამაშობს.
რაც შეეხება „არსენალს“, ლონდონელები მისთვის ახალი 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ, თუმცა მხარეებს ჯერჯერობით შეთანხმება არაფერზე მიუღწევიათ. მარტინელიმ იცის, რომ მის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენს.
Sport-ი წერს, რომ „ბარსელონას“ მარტინელის გარემოცვასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ისინი სიტუაციას გულდასმით აკვირდებიან. თუ ფეხბურთელი „არსენალთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, „ბარსა“ მის შეძენას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ მარტინელიმ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.