მთავარი მწვრთნელის ცვლილება არ იგეგმება | ანდრეი დემჩენკო დილაში დარჩება
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი დინამო თბილისის გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტიტული მეცხრამეტედ და ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ჩაიბარა.
დინამო თბილისის გარდა, ევროზონაში გასული სეზონის ჩემპიონი, დინამო ბათუმი და გორის დილა იასპარეზებენ.
დინამოების დაძაბული საჩემპიონო გზის პარალელურად, რთული გამოდგა გორის დილას და წყალტუბოს სამგურალის სეზონიც. ევროტურნირებზე მოასპარეზე მესამე გუნდის ვინაობა, სატურნირო ცხრილში, სწორედ მათმა დაპირისპირებამ გამოავლინა - ანდრეი დემჩენკოს გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 3-0 დაამარცხა და კონფერენს ლიგა გაინაღდა.
სეზონის მიმდინარეობისას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ როგორც არ უნდა დასრულებულიყო საფეხბურთო სეზონი დილასთვის, ანდრეი დემჩენკო გუნდს დატოვებდა. CrystalSport-ის ინფორმაციით, უკრაინელ სპეციალისტს ბულგარეთიდან შეთავაზება ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მან უარი თქვა, რადგან ევროზონაში მოხვედრის შემდეგ, დილასთან მისი ურთიერთობა უდიდესი ალბათობით, არ დასრულდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელძღვანელები ახალ კონტაქტზე უახლოეს მომავალში გაისაუბრებენ. უკრაინელის კონტრაქტი დილასთან 2-წლიანი იყო და 2022 წლის 31 დეკემბერს სრულდება.
36 მატჩი: 17 გამარჯვება, 11 მარცხი და 8 ფრე - ასეთია დემჩენკოს დილას 2022 წლის საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი. საბოლოო ჯამში კი, ის გორელებს 79 მატჩში ხელმძღვანელობოდა, სრული სტატისტიკა კი ასეთია: 37 გამარჯვება, 18 ფრე და 24 მარცხი. 79 მატჩში მისმა გუნდმა 114 გოლი გაიტანა, 90 კი გაუშვა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დემჩენკომ სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიეს მეტალურგის ასაკობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ უზბეკურ ობოდში მუშაობდა, ბოლოს კი ხარკოვის - მეტალისტში, სადაც ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი.
ფოტო: GFF