თოფურია: „მიტჩელი პირველ რაუნდს ვერ გასცდება, შეუძლებელია გაიმარჯვოს“
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია MMA-ის ესპანელ ჟურნალისტს, ალვარო კოლმენეროს ესაუბრა. „ელ მატადორმა“ მოახლოებულ ბრძოლაზე ილაპარაკა, რომელსაც ბრაის მიტჩელთან გამართავს, წონის კლების პროცესს შეეხო და პედი პიმბლეტიც არ დავიწყებია.
წონის კლების პროცესზე
„წონის კლების პროცესი ფენომენალურად მიმდინარეობს, პოზიტიური ენერგიით ვარ სავსე და ყველაფერი ისე მიდის, რომ გამარჯვებას მოვიპოვებ. დღეს დილით, 72 კილოგრამი ვიყავი, რაც კარგი მაჩვენებელია. კიდევ 6 კილოგრამი მაქვს დასაკლები და შაბათისთვის ყველაფერს მოვაგვარებ“.
პედი პიმბლეტზე
„UFC-ის Performance Institute-ში სპორტდარბაზი გვქონდა დაჯავშნილი და ვარჯიშს ვაპირებდით, თუმცა, როცა მივედით, კარი არ გაგვიღეს და არ შეგვიშვეს. როცა შესვლის უფლება მოგვცეს, გვითხრეს, რომ ასე პედი პიმბლეტის გამო მოიქცნენ და ის უკანა კარიდან გაიყვანეს. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, თუ პიმბლეტი ზრდილობას გამოიჩენს, ცუდად არ შემომხედავს და არასწორს არაფერს გააკეთებს, მასთან არანაირი პრობლემა არ მექნება“.
ბრაის მიტჩელთან ჩხუბზე
„მიტჩელი შეეცდება, პარტერში გადამიყვანოს და ჩხუბის დგომში წარმართვაზე უარი თქვას. ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება და პარტერში თავს ისე ვგრძნობ, როგორც ზვიგენი წყალში. სულერთია, ბრძოლა სად წარიმართება. ის ვერაფერს გააკეთებს და საკუთარ ბედს ვერ შეცვლის. ამ ჩხუბისთვის, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად ბოლომდე მზად ვარ და მიტჩელი პირველ რაუნდს ვერ გასცდება. მეტოქე მაქსიმალურად შევისწავლეთ და მისი გამარჯვება შეუძლებელია. სასწაული უნდა მოხდეს, რომ მოიგოს და სასწაულების ნამდვილად არ მჯერა”.
ცნობისთვის, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა.